Accessibility links

აშშ და რუსეთი გაეროს სთავაზობენ სირიის შესახებ ორ განსხვავებულ დოკუმენტს


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ვეტო დაადო სირიის შესახებ აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. 2017 წლის 24 ოქტომბერი

აშშ-მა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს განსახილველად წარუდგინეს ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხება სირიაში გაეროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივი საგამოძიებო კომისიისთვის მანდატის გაგრძელებას. აშშ-ის მიერ მომზადებულ პროექტში სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული კომისიის მიერ 26 ოქტომბერს წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშის გამო, რომლის თანახმად, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს ბაშარ ასადის მთავრობას. ვაშინგტონი მხარს უჭერს საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის მეთოდებს და მანდატის ორი წლით გაგრძელებას ითხოვს. თავის მხრივ, რუსეთი აკრიტიკებს ერთობლივი საგამოძიებო კომისიის მუშაობას და სთავაზობს, დასკვნებს გადახედოს, ხელახალი ექსპერტიზა ჩაატაროს და გაითვალისწინოს სირიის მთავრობის მიერ მომზადებული მასალებიც. მოსკოვის ინიციატივაა, რომ საგამოძიებო ჯგუფს მანდატი მხოლოდ 6 თვით გაუგრძელდეს. უშიშროების საბჭო 7 ნოემბერს განიხილავს გაეროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივი კომისიის საბოლოო ანგარიშს. 26 ოქტომბერს, კომისიის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 2017 წლის აპრილში, სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ხან-შეიხუნში გამოიყენეს მომწამლავი გაზი, ზარინი. ხან-შეიხუნის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 80 ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი. სირიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ 2013 წლიდან ქვეყნის არსენალში ქიმიური იარაღი აღარ არსებობს. ასადის მთავრობის პოზიციას იზიარებს მისი მოკავშირე რუსეთი. გაეროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივ კომისიას მანდატი ნოემბრის შუა რიცხვებში ეწურება. აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს ოქტომბერშიც წარუდგინა რეზოლუციის პროექტი მანდატის გაგრძელების შესახებ, რომელსაც 24 ოქტომბრის სხდომაზე რუსეთმა ვეტო დაადო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG