Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის ყოფილ ლიდერზე გაიცა დაპატიმრების ევროპული ორდერი


ესპანეთის მოსამართლემ გასცა დაპატიმრების ორდერი კატალონიის ყოფილ ლიდერზე, კარლეს პუჩდემონზე. ეს ცნობა მისმა ბელგიელმა ადვოკატმა მიაწოდა ფლანდრიის ტელევიზიას 2 ნოემბერს, გვიან საღამოს. პუჩდემონზე და მისი დამხობილი მთავრობის ოთხ წევრზე ორდერების გაცემას ესპანეთის პროკურორები მოითხოვდნენ. ხუთიდან არც ერთი არ გამოცხადდა 2 ნოემბერს მადრიდში გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც მათ ამბოხებაში, ხელისუფლების მიმართ ამბოხებისკენ მოწოდებაში და საჯარო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში სდებდნენ ბრალს, კამათის საგნად ქცეული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დანიშვნისთვის 1 ოქტომბერს. პუჩდემონის ადვოკატი ამბობს, რომ ესპანეთის სასამართლო სისტემა სავარაუდოდ მალე გაუგზავნის ექსტრადიციის მოთხოვნას ბრიუსელის პროკურორებს, თუმცა პუჩდემონი ბელგიაში დარჩება და გაასაჩივრებს ექსტრადიციას. რეგიონული მთავრობის კიდევ ცხრა წევრი დაკითხვაზე გამოცხადდა. მათგან რვა ციხეში გაუშვეს, გირაოს შეფარდების გარეშე, მეცხრეს კი 50,000 ევროს ოდენობის გირაო შეუფარდეს. მათ ბრალი ედებათ ამბოხებაში, ამბოხებისკენ მოწოდებაში და საჯარო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში. კატალონიის რეფერენდუმმა ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი შექმნა, მადრიდმა დროებით გააუქმა ჩრდილოდასავლეთის რეგიონის ავტონომია, დაითხოვა მისი ლიდერები და დეკემბერში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

XS
SM
MD
LG