Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის ურთიერთობას რუსეთთან დაკავშირებულ ფირმასთან


ფინანსური დოკუმენტების დიდძალი რაოდენობით გაჟონვის შედეგად იკვეთება, რომ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, ვილბურ როსს ინვესტიცია ჰქონდა გაკეთებული გადაზიდვის ფირმაში, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლობლების მიერ კონტროლირებულ კომპანიასთან. Paradise Papers-ის სახელით ცნობილი დოკუმენტები, რომლებიც 5 ნოემბერს გაავრცელა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ), ასევე მოწმობს, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა გიგანტებმა, გაზპრომმა და ვითიბი ბანკმა დიდი მოცულობის ინვესტიციები ჩადეს აშშ-ის ტექნოლოგიურ ფირმებში. სხვა გარემოებებთან ერთად, გაჟონილი დოკუმენტაცია ასევე აჩვენებს, რომ ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს, ოფშორულ ფონდებში 13 მილიონ დოლარამდე მოცულობის ინვესტიციები აქვს. ბრიტანეთში დაფუძნებულმა, გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა 2016 წელს გამოაქვეყნა ე.წ. Panama Papers-ი - პანამაში განთავსებული იურიდიული ფირმის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა დეტალურ ინფორმაციას მსოფლიოს ბევრი ლიდერის და მდიდარი პირის ოფშორული ანგარიშების შესახებ. დოკუმენტების ახალი პარტია, Paradise Papers-ი შეიცავს მასალებს ორი ოფშორული სერვისის ფირმიდან და კომპანიებიდან 19 საგადასახადო ოაზისისში. დოკუმენტები მოიპოვა გერმანიის გაზეთმა, ზიუდდოიჩე ცაიტუნგმა, კონსორციუმმა ისინი მიაწოდა პარტნიორებს გარდიანში, ბიბისიში, ნიუ-იორკ ტაიმსში და ათობით საინფორმაციო სააგენტოში. როსი და დედოფალი ელისაბედი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურებია, რომლებიც 13.4 მილიონი დოკუმენტის პირველი პარტიის გაანალიზების შემდეგ გამოჩნდა. ჯერჯერობით უკანონო მოქმედებების ნიშნები არ იკვეთება, თუმცა როსის კავშირები რუსეთის ინტერესებთან სავარაუდოდ კიდევ უფრო გააღრმავებს გამოძიებას, რომელიც უკვე მიმდინარეობს და ეხება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კავშირებს და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტებს.

XS
SM
MD
LG