Accessibility links

ტეხასში პოლიციას ჯერ არ დაუდგენია ეკლესიაზე თავდამსხმელის მოტივი


ტეხასში პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, რა მოტივი ამოძრავებდა 26 წლის პატრიკ დევინ კელის, რომელმაც კვირას, ღვთისმსახურების დროს, ცეცხლი გახსნა ტეხასის შტატის ქალაქ საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 26 ადამიანი, დაიჭრა 20 კაცი. კელი მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში და რამდენიმე წლის წინ მას 12 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობისათვის. მოგვიანებით ის არმიიდან დაითხოვეს „არასათანადო საქციელისათვის“. კელიმ ცეცხლი გახსნა საკვირაო ღვთისმსახურების დაწყებიდან ცოტა ხანში. საზერლენდ-სპრინგში სულ 400-მდე ადამიანი ცხოვრობს და ეკლესიაში ბევრი მათგანი იმყოფებოდა. როცა თავდამსხმელი ეკლესიიდან გარბოდა, ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ. კელიმ მაინც შეძლო ავტომანქანით გაქცევა, მაგრამ ადგილობრივები მას მანქანებითვე დაედევნენ და მოგვიანებით აღმოაჩინეს თხრილში გადავარდნილი ავტომანქანა თავდამსხმელის გვამით. ნათელი არ არის, კელიმ თავი მოიკლა, თუ სროლის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG