Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტეხასის შტატში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს იარაღის შეძენის უფლება არ ჰქონდა


საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაზე 2017 წლის 5 ნოემბერს მომხდარი თავდასხმისას 26 ადამიანი დაიღუპა
საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაზე 2017 წლის 5 ნოემბერს მომხდარი თავდასხმისას 26 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ტეხასის შტატის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პირი, რომელმაც 5 ნოემბერს ხალხი დახოცა დაბა საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 26 წლის დევინ პატრიკ კელი იყო. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გამოიძიებს, რატომ არ აღმოჩნდა დამნაშავეთა ეროვნულ ბაზაში მონაცემები კელის კრიმინალური წარსულის შესახებ. ტრიბუნალმა დევინ პატრიკ კელი 2012 წელს გაასამართლა ცოლ-შვილის ცემისთვის და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. კელის აეკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობაც, თუმცა მიუხედავად ამისა, შარშან უპრობლემოდ შეიძინა ნახევრად ავტომატური შაშხანა, რომლითაც 5 ნოემბერს თავს დაესხა საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარს. დანაშაულის ადგილიდან ავტომობილით გაქცევამდე თავდამსხმელი დაჭრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა. მოგვიანებით, კელის გვამი ავტომანქანაში აღმოაჩინეს. პოლიციის განცხადებით, დევინ პატრიკ კელიმ თავი მოიკლა. გამოძიების ინფორმაციით, კელის კონფლიქტი ჰქონდა ცოლის მშობლებთან და მუქარის შემცველ ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა სიდედრს. თუმცა, სამართალდამცავების განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, მოახდინა თუ არა ოჯახურმა უთანხმოებამ გავლენა კელის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

XS
SM
MD
LG