Accessibility links

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყოფილი პოლიციელი, ადვოკატი გიორგი ონიანი


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ადვოკატი გიორგი ონიანი და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ონიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრიცაა. საქართველოს პროკურატურამ გიორგი ონიანი 2014 წელს ცნო ბრალდებულად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის, განზრახ უკანონოდ დაკავების და მტკიცებულებების გაყალბების მუხლებით. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობისას, გიორგი ონიანის ორგანიზებით და ხელმძღვანელობით დააკავეს კომპანია „დუო-პრინტის“ მენეჯერი, დავით შათირიშვილი. ეს კომპანია არჩევნებისთვის ამზადებდა „ქართული ოცნების“ ლოგოიან მაისურებს. პროკურატურის ცნობითვე, ჩხრეკისას შათირიშვილს აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც რეალურად მას არ ეკუთვნოდა და ბრალად დასდეს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა. დღეს, 7 ნოემბერს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანი დამნაშავედ ცნო ოთხივე მუხლით. მისმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არაობიექტურია და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. თავის მხრივ, საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მტკიცებულებით სრულად დადასტურდა გიორგი ონიანის ბრალეულობა და სასამართლომ მტკიცებულებები ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG