Accessibility links

ნინო გვენეტაძე ზეწოლასა და ძალადობაში ადანაშაულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგ მოსამართლეს


საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩატარდა 6 ნოემბრის სხდომა. საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, მოსამართლე წევრების ნაწილი ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულა, ხოლო მოსამართლე წევრებმა გვენეტაძე დაადანაშაულეს საბჭოს ერთპიროვნულად მართვის მცდელობაში. კერძოდ, კამათი გამოიწვია მომდევნო რიგგარეშე სხდომის თარიღის განსაზღვრამ. საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სხდომა უნდა ჩანიშნულიყო 8 ნოემბერს ინსპექტორის დანიშვნის საკითხების განსახილველად. ხოლო გვენეტაძე ითხოვდა თარიღზე გადაწყვეტილების გადადებას 7 ნოემბრის დილამდე, რადგან ჯერ სურდა გადაეხედა საკუთარი გრაფიკისათვის. „ღიად ვამბობ, თქვენ ძალადობთ ჩემზე, რომ თქვენს ყველა წინადადებას, რომელსაც აქ შეაჯერებთ, დავეთანხმო ისე, რომ ჩემი გრაფიკი ვერ ვნახო“ - განაცხადა გვენეტაძემ, რომლის თქმითაც, საბჭოს მხრიდან - კერძოდ მდივნისა და წევრების მხრიდან - ხდება მასზე ზეწოლა. საპასუხოდ საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ისინი კი არ ძალადობენ, პირიქით, თავმჯდომარე ძალადობს მათზე. 6 ნოემბერს გავრცელდა აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება. მან „შეტევა“ და „აგრესია“ უწოდა ნინო გვენეტაძის მიმართ საბჭოს მოსამართლე წევრების ქმედებას. ჯანეზაშვილის აზრით, ეს ქმედება აჩენს ეჭვს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები გარკვეულ ზეგავლენას განიცდიან. ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა 2015 წლიდან. შესაბამისად, ის თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს. საბჭო, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია, შედგება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ გამწესებული 15 წევრისაგან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG