Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია და ნიკარაგუა აპირებენ, შეუერთდნენ კლიმატის შესახებ პარიზის 2015 წლის შეთანხმებას


გერმანიის ქალაქი ბონი 6 ნოემბრიდან მასპინძლობს გაეროს კონფერენციას კლიმატური ცვლილებების შესახებ
გერმანიის ქალაქი ბონი 6 ნოემბრიდან მასპინძლობს გაეროს კონფერენციას კლიმატური ცვლილებების შესახებ

სირია აპირებს, შეუერთდეს კლიმატის შესახებ პარიზის 2015 წლის შეთანხმებას, რაც იმას მოასწავებს, რომ შეერთებული შტატები დარჩება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დოკუმენტს გაემიჯნება. სირია და ნიკარაგუა იყვნენ ორად-ორი ქვეყანა, რომელსაც 2015 წელს პარიზში ხელი არ მოუწერია 195 ქვეყნის შეთანხმებაზე, მაგრამ ნიკარაგუამ ბოლოხანს გამოაცხადა, რომ ისიც აპირებს, შეუერთდეს დანარჩენებს. სირიის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ვადაჰ კატმავიმ 7 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ბონში, გლობალური კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ დამასკი „რაც შეიძლება მალე“ მოაწერს ხელს შეთანხმებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სარკასტული განცხადებით გამოეხმაურა სირიის უეცარ დაინტერესებას გარემოს დაცვით ქვეყანაში, რომელიც მძიმედ არის დაზარალებული ექვსი წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომით. სირიის მთავრობა ასე ძალიან რომ ზრუნავდეს იმაზე, თუ რას უშვებს ჰაერში, მაშინ საკუთარ ხალხს გაზით არ გაგუდავდაო, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, მაგრამ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში გამოაცხადა, რომ აპირებს გავიდეს შეთანხმებიდან, რომლის გამოც ათასობით სამუშაო ადგილი იკარგება ქვანახშირის მრეწველობაში.

XS
SM
MD
LG