Accessibility links

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა რაოდენობას თბილისში საგანგაშოდ ჯერ არ მიიჩნევენ


თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც შეჯამდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, „სიდა“-ს ხელმღვანელის, ზვიად დევდარიანის განცხადებით, ყოველთვიური ანალიზი არ არსებობს, თუმცა მაგალითად, მოლდავეთში 16% იყო მათი რაოდენობა, ვინც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლა და ქვეყანაში აღარ დაბრუნდა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 6%-ია. “შედარება გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ, დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ“ - განაცხადა ზვიად დევდარიანმა. მისი ინფორმაციით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში ყველაზე მაღალია პროცენტი იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც სავარაუდოდ, დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურა. ზვიად დევდარიანი აუცილებლად მიიჩნევს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა მოსახლეობას კარგად განემარტოს, რომ წესების დარღვევა პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ მთლიანად ქვეყანას, რომელსაც შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის შენგენის ზონაში 90 დღიანი უვიზო მიმოსვლით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, პირველ ექვს თვეში უვიზო მიმოსვლით ისარგებლა დაახლოებით 90 ათასმა მოქალაქემ და მათგან საზღვრის გადაკვეთაზე უარი მიიღო მხოლოდ 230-მა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG