Accessibility links

უკრაინის ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოდან მოუწოდა, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს


მავთულხლართები სოფელ ხურვალეთში

უკრაინის ვიცე-პრემიერი, სოციალური პოლიტიკის მინისტრი, პავლო როზენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა წეროვანში, დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში. „ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი განადგურებული ადამიანი და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახია. ჩვენ დღეს ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, ამის ნახვა შეუძლებელია უკრაინაში, რადგან იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები“ - ამის შესახებ პავლო როზენკომ 9 ნოემბერს განაცხადა სოფელ ხურვალეთში, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს გაესაუბრა. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ გაავრცელა. პავლო როზენკომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა აღდგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. მინისტრმა, სოზარ სუბარმა უკრაინას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. „ორი მეგობარი ქვეყნის მტკიცე პოზიცია და საერთაშორისო მხარდაჭერა არის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი. უკრაინელები იბრძოდნენ ჩვენს გვერდით, როგორც ქართველები იბრძვიან დღეს უკრაინაში და ეს არის საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG