Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WADA: პუტინის უარყოფის მიუხედავად, დოპინგის სკანდალში რუსეთის მონაწილეობა დადასტურებულია


მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) ამბობს, რომ მოიპოვა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს ბრალდებებს რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების სკანდალში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ. სააგენტო ამ განცხადებით გამოდის ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უარყო ამგვარი მონაწილეობა. 10 ნოემბერს სააგენტოს დირექტორი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მტკიცებულებების არსებობის ფონზე რუსეთის ნებისმიერი ლიდერი, რომელიც უარყოფს პასუხისმგებლობას, მიდის რისკზე, რომ რუსეთის სპორტსმენებს კიდევ ერთხელ, ჯგუფურად აეკრძალებათ ღონისძიებაში მონაწილეობა - ამჯერად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 2018 წლის თემებრვალში სამხრეთ კორეაშია დანიშნული. სააგენტომ რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად ორი წლის წინ გამოთქვა, საეტაპო მნიშვნელობის ანგარიშში, რომლის თანახმად სპორტის 30 სახეობაზე მეტში მონაწილე, 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი ჩართული იყო შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო ანალიზებში აკრძალული ნივთიერებების დადებითი შედეგის დამალვა და ეს პროცესი ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მას შემდეგ ათობით რუს სპორტსმენს აეკრძალა მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში და სხვა ღონისძიებებში. თუმცა პუტინი და რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სახელმწიფო ამაში არ მონაწილეობდა და პასუხისმგებლობას ცალკეულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს აკისრებენ. პუტინმა 9 ნოემბერს გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებების უკან აშშ დგას. მისი თქმით, ვაშინგტონს სურს ხალხში უკმაყოფილება დათესოს, 2018 წლის მარტში დანიშნული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, იმ ცნობების პასუხად, რომ შარშან რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG