Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საგანგებო გამომძიებელი იძიებს თურქი სასულიერო პირის, გიულენის გადაცემის გეგმას


აშშ-ის საგანგებო გამომძიებელი, რობერტ მიულერი იძიებს ცნობებს იმის შესახებ, რომ არსებობდა გეგმა, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი დათანხმდა თურქეთისთვის გადაეცა აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი, ფეტულა გიულენი, 15 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ამ ცნობებს აშშ-ის მედია ავრცელებს. უოლ სტრიტ ჯორნალმა 10 ნოემბერს დაწერა, რომ ფლინი და მისი ვაჟი, მაიკლ ფლინი უმცროსი, თურქეთის წარმომადგენლებს ესაუბრნენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა გიულენის გადაცემა - რომელსაც ანკარა ბრალს სდებს ივლისში, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში. როგორც იუწყებიან, ფლინმა გეგმაზე ისაუბრა 2016 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე, როცა ის იყო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდის წევრი. ფლინის ინტერესების დამცველი ადვოკატი ბრალდებებს უწოდებს "აღმაშფოთებელს" და "ყალბს". ეს საკითხები ნაწილია მიულერის ხელმძღვანელობით წარმოებული, უფრო ფართო გამოძიებისა, რომელიც კონცენტრირებულია ტრამპის გარემოცვას და რუსეთის მთავრობის აგენტებს შორის არამართებული კონტაქტების შესწავლაზე, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდეგ. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ფლინი 24 დღის განმავლობაში იყო უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი, სანამ იძულებული გახდებოდა გადამდგარიყო, თეთრი სახლის თანამშრომლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო მისი კონტაქტების შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან.

XS
SM
MD
LG