Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა გაუტოლდა 33,24 პროცენტს


ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში თბილისის დროით 20 საათისთვის დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრასყრაში მონაწილეობა მიიღო 109 119-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 33,24%%-ია. მეორე ტური გაიმართა ექვს მუნიციპალიტეტში - თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და მარტვილის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურისა და ყაზბეგის თვითმმართველ თემებში. პირველი ტურის მონაცემებით მუნიციპალიტეტებში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობდნენ. მეორე ტურში ბორჯომის მერობისთვის იბრძოდნენ მმართველი პარტიის კანდიდატი, ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი, ზაზა ჩაჩანიძე; ოზურგეთში მეორე ტური გაიმართა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს შორის. ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ ნოზაძე. ყაზბეგის მერობისთვის იბრძოდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ალექსანდრე ზაგაშვილი და სანდრო ყამარაული, "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი. ყოფილმა მმართველმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძარობამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული მისი კანდიდატები მაინც იყვნენ წარმოდგენილი საარჩევნო ბიულეტენებზე. შესაბამისად, მარტვილში კენჭისყრა ჩატარდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ, მამუკა დანელიას შორის, ხოლო ქუთაისში - „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა. (იხ. ინტერაქტიული რუკა)

XS
SM
MD
LG