Accessibility links

პენტაგონში გაიმართა აშშ-ის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


ჯეიმს მატისი და ლევან იზორია. ვაშინგტონი, 2017 წლის 13 ნოემბერი

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების, ჯეიმს მატისის და ლევან იზორიას შეხვედრა. მინისტრებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ლევან იზორიამ ჯეიმს მატისს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 14 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯეიმს მატისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი, მშპ-ის 2,2 %-ით. ჯეიმს მატისმა მადლიერება გამოხატა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა 2017 წლის ზაფხულში, თბილისში ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადება, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. „ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა“ - განაცხადა ჯეიმს მატისმა. თავის მხრივ, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრადობისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG