Accessibility links

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნით, საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 1000 წლით უფრო ძველია


ბორდოს "ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი" 2017 წელს მასპინძლობდა გამოფენას, "საქართველო მეღვინეობის აკვანი"

მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებები საქართველოშია აღმოჩენილი თიხის ჭურჭელში, რომელიც არქეოლოგების შეფასებით, 8 ათასი წლისაა - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში. მეცნიერების განმარტებით, ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ითვლება, რომ მსოფლიოში პირველი ღვინო ბრინჯისგან, ჩინეთში დაამზადეს 9 ათასი წლის წინ. სიძველით მეორე ადგილზეა ირანში აღმოჩენილი ყურძნის სპირტი. მეცნიერების შეფასებით, საქართველოში, თიხის ჭურჭელში აღმოჩენილი კვალი დაახლოებით, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულისაა. მოხსენების თანაავტორის, ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივენ ბატიუკის განცხადებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოში აღმოჩენილი ნიმუში ღვინის საწარმოებლად ველური, ევრაზიული ვაზის გამოყენების უძველესი მაგალითია. აშშ-ის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, იტალიის, ისრაელის და საქართველოს მკვლევართა ჯგუფი ბოლო 4 წლის განმავლობაში აანალიზებდა საქართველოში აღმოჩენილ ნიმუშებს. მათ შორისაა შულავერში, ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ობიექტზე აღმოჩენილი 300 ლიტრიანი, კერამიკის კასრები. მეცნიერები უძველეს ფრაგმენტებში აღმოჩენილი კვალის იდენტიფიცირებისთვის იყენებდნენ მას-სპექტრომეტრიის და ქრომოტოგრაფიის მეთოდების კომბინაციას. ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა ღვინის მჟავის და ღვინის დასამზადებლად ყურძნის დამუშავებისას თითის ანაბეჭდების არსებობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG