Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევ ზომებზე


რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი (მარცხნივ) და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინაზე მოლაპარაკების საკითხში, კურტ ვოლკერი
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი (მარცხნივ) და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინაზე მოლაპარაკების საკითხში, კურტ ვოლკერი

აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკრაინის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ გამოაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს აქვთ „ერთმანეთისაგან განსხვავებული“ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა დამყარდეს მშვიდობა აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ორივე განაგრძობს მუშაობას ამ მიზნის მისაღწევად. „ორივე მხარე თანახმაა, ... იფიქროს სხვა ზომებზე ამ გამოწვევასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გაავრცელეს უკრაინაზე მოლაპარაკების საკითხში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა და კრემლის მრჩეველმა ვლადისლავ სურკოვმა 13 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ. ბელგრადში გამართულ ამ შეხვედრამდე ვოლკერმა აღნიშნა, რომ ყურადღებას გაამახვილებდა აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისდამცველთა საერთაშორისო მისიის განთავსების შესაძლებლობაზე - კერძოდ, სამშვიდობო მისიაზე რეგიონებში, რომელთაც სეპარატისტები აკონტროლებენ. სამშვიდო ძალების განთავსება სადავო საკითხია სექტემბრიდან, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ გაეროს სამშვიდობო ძალები განთავსდნენ უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ფრონტის ხაზის გასწვრივ. გეგმას მალევე მოჰყვა კრიტიკა კიევიდან და დასავლეთიდან, პირველ რიგში, შეშფოთების გამო, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მხოლოდ ფრონტის გასწვრივ განთავსება, პრაქტიკულად, გაამყარებს რუსეთის კონტროლს სეპარატისტების ხელში მყოფ ტერიტორიაზე და ვერ შეაჩერებს რუსეთიდან უკრაინაში ცოცხალი ძალისა და შეიარაღების გაგზავნას. მოგვიანებით პუტინმა თქვა, რომ მზად არის განიხილოს მის მიერ შეთავაზებულ გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადებები, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

XS
SM
MD
LG