Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტში მოითხოვენ უცხოეთის მედიასაშუალებების გამოცხადებას „უცხოეთის აგენტებად“


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე, პიოტრ ტოლსტოი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე, პიოტრ ტოლსტოი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ იუსტიციის სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა „უცხოეთის აგენტებს“ მიაკუთვნოს ნებისმიერი უცხოური საინფორმაციო საშუალება, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობს. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოის განმარტებით, „უცხოეთის აგენტებად“ შესაძლოა ჩაითვალონ საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ან ფინანსდებიან უცხოეთიდან. რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ მიჩნეული საინფორმაციო საშუალებები ვალდებული იქნებიან, შესაბამისად აღნიშნონ თავიანთი პროდუქცია, არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონის დაცვით. ეს ნიშნავს, რომ სათანადო წარწერები უნდა გაკეთდეს მედიასაშუალების საიტსა, თუ ბეჭდვით გამოცემაზე. ტოლსტოის განცხადებით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინფორმაციო საშუალებები უნდა დარეგისტრირდეს „უცხოეთის აგენტად“. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შესაძლოა, 15 ნოემბერს დაამტკიცოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკვე მოიწონა საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა. რუსეთის ხელისუფლება „უცხოეთის აგენტებთან“ დაკავშირებულ ზომებს უწოდებს საპასუხო ნაბიჯს აშშ-ის მოთხოვნაზე, „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირებულიყო ტელეარხი ერტე (RT), რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს.

XS
SM
MD
LG