Accessibility links

ზიმბაბვეს არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მართვაზე დროებითი კონტროლი დაამყარა


გენერალმა, მოიომ ზიმბაბვის მოსახლეობას ტელეცენტრიდან მიმართა. 2017 წლის 15 ნოემბერი

ზიმბაბვეში, სამხედროებმა დაიკავეს სახელმწიფო ტელეკომპანიის შენობა და გამოაცხადეს, რომ ძალაუფლებას დროებით იღებენ, რათა დაძლიონ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისი და ამის შემდეგ ხელისუფლება დაუბრუნონ სამოქალაქო მთავრობას. როიტერის ინფორმაციით, მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა გენერალური შტაბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გენერალმა მოიომ. მისი განცხადებით, პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და მისი ოჯახის წევრები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან და მათი უსაფრთხოება გარანტირებულია. გენერლის მტკიცებით, ზიმბაბვეში პუტჩი არ მომხდარა და სამხედროები ებრძვიან მხოლოდ პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფ დამნაშავეებს, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო. ზიმბაბვის დედაქალაქ ჰარარეში სამხედროებმა მძიმე ტექნიკით გადაკეტეს გზები და სამთავრობო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიები. გასულ კვირაში, პრეზიდენტმა მუგაბემ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, თანამდებობიდან დაითხოვა ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა, რომელიც მუგაბეს შემცვლელად მოიაზრება და არმიის მხარდაჭერით სარგებლობს. საპასუხოდ, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, კონსტანტინო ჩივენგამ მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არმია მზად არის სიტუაციაში ჩაერიოს პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად. თავის მხრივ, ზიმბაბვის მმართველმა პარტიამ მთავარსარდალი ღალატში დაადანაშაულა. 93 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს 1980 წლიდან მართავს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG