Accessibility links

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ფაქტორებს არ უკავშირებს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის ძირითად მიზეზებს შორის დაასახელა არსებული მოლოდინი და იმპორტიორთა ქმედება. „იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე ვალუტას იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ, შესყიდვა დაიწყეს ჯერ კიდევ აგვისტოდან. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე, მოლოდინებთან არის დაკავშირებული” - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. მისი განმარტებით, ლარის მცურავი გაცვლითი კურსისთვის ცვალებადობა დამახასიათებელია, თუმცა, ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს, დადებითია და ამიტომ, გაუფასურება მოლოდინებითაა გამოწვეული. „თუ დავინახავთ, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან და ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ინფლაციის დონეს, მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას” - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ გამოიწვია ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება რომელიმე მსხვილმა ტრანზაქციამ, არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა, რომ შარშან, როცა მსხვილი ტრანზაქცია განხორციელდა, ეროვნულმა ბანკმა კომენტარი და ინტერვენციაც გააკეთა, წელს კი მსგავსი ტრანზაქცია არ ყოფილა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 15 ნოემბრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 68 თეთრი ღირს, ევრო კი 3 ლარი და 14 თეთრი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG