Accessibility links

ომბუდსმენმა გამოაქვეყნა „ციანიდის საქმის“ მონიტორინგის ანგარიში


სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გამოაქვეყნა მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგის ანგარიში. ომბუდსმენის განმარტებით, სასამართლო პროცესზე დაკვირვების და გამოძიების მასალების შესწავლის შემდეგ მომზადებულ დოკუმენტში მიმოხილულია პროცესუალური ხარვეზები. ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას სასამართლოს მიმართ და არ განიხილავს ბრალეულობისა და მტკიცებულებათა შეფასების საკითხს, რაც მხოლოდ მოსამართლის კომპეტენციაა. სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომები წარმართა არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ომბუდსმენმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა გიორგი მამალაძის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო პირების წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობის შესახებ. ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ, რაც არ ემსახურებოდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და ზედმეტი და არასაჭირო შეზღუდვა იყო, თანასწორუფლებიანობის დარღვევა კი უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე, როცა პროკურატურა ასაჯაროებდა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ვინაობას. ომბუდსმენის შეფასებით, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს საშუალება მოეპოვებინა აეროპორტის ვიდეოჩანაწერები, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვანი ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა, ხოლო პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარეს მოესპო შესაძლებლობა ჩაეტარებინა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზა. „ამ და სხვა ხარვეზების გამო, გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“ - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში. 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი, გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მამალაძეს ბრალად ედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება, რასაც თავად მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG