Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი: ტრამპი და პუტინი „საფრთხეს უქმნიან“ დასავლეთის ღირებულებებს, ღიაობას და შემწყნარებლობას


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის აზრით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი „საფრთხეს უქმნიან“ დასავლეთის ღირებულებებს, როგორიცაა ღიაობა და შემწყნარებლობა, მაგრამ ევროკავშირმა მაინც არ უნდა დაუშვას მათგან დისტანცირება. „თუ დაიწყებ, უბრალოდ, ევროპისაგან მათ დაშორებას - დაკარგავ მათ“ - განაცხადა მაკრონმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისისთან ინტერვიუში. რუსეთის პრეზიდენტზე საუბრისას, მაკრონმა გამოთქვა აზრი, რომ პუტინის ქმედებები ეფუძნება „პარანოიას, მუქარისა და მისგან დაცვის აუცილებლობის შეგრძნებას“. საფრანგეთის პრეზიდენტმა კვლავ ისაუბრა დიალოგის აუცილებლობაზე და გამოთქვა იმედი, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს ისეთი ლიდერების შეხედულებები და ქმედებები, როგორიც არიან პუტინი და ტრამპი. ბიბისისთან ინტერვიუში მაკრონმა ისაუბრა ევროკავშირის რეფორმირების საჭიროებაზეც. მისი აზრით, ევროპისათვის აუცილებელია გამაერთიანებელი იდეა, „დიდი ნარატივი“ და არამარტო საერთო ბაზრისა და საერთო ფისკალური პოლიტიკის მხარდაჭერა. მაკრონის რწმენით, ევროპის გამაერთიანებელი იდეა უნდა ეფუძნებოდეს ფასეულობებს - თავისუფლებასა და შემწყნარებლობას.

XS
SM
MD
LG