Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი აქებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში ჩატარებულ რეფორმებს


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აქებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთში ჩატარებულ რეფორმებს და აცხადებს, რომ ეს სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საბოლოოდ, შესაძლოა განხილულ იქნეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად. 15 ნოემბრის რეზოლუციაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს „კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე, რათა მოგვარდეს კონფლიქტები აღმოსავლეთ უკრაინაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დნესტრისპირეთში“. რეზოლუციის მიღება წინ უსწრებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ 2017 წლის სამიტს, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა შეიქმნა 2009 წელს ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან - საქართველოსთან, მოლდავეთთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და მოლდავეთთან - ევროკავშირის ურთიერთობის გასააქტიურებლად. რეკომენდაციები, რომლებიც შესულია ევროპარლამენტის 15 ნოემბრის რეზოლუციაში, ერთი თვით ადრე, 10 ოქტომბერს დაამტკიცა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი, მხარი დაუჭირონ 2017 წლის სამიტის „ამბიციურ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიან მნიშვნელოვან მიზნებს“ და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებები არ არის ევროკავშირთან ამ ქვეყნების ურთიერთობის „საბოლოო მიზანი“.

XS
SM
MD
LG