Accessibility links

საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყებამ აკრედიტაცია არ აღუდგინა რუსეთს


მსოფლიოს ანტისადოპინგო უწყებამ (WADA-მ) ორგანიზაციის კოდექსთან შეუსაბამოდ ცნო რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო და უარი უთხრა აკრედიტაციის აღდგენაზე. 16 ნოემბერს, სეულში გამართულ სხდომაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის რუსეთის მონაწილეობას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, რომლებსაც სამხრეთ კორეის ქალაქი პიონჩანი უმასპინძლებს. WADA-ს საბჭოს წევრთა შეფასებით, რუსეთმა არ შეასრულა ორი ძირითადი მოთხოვნა: საჯაროდ და უპირობოდ არ აღიარა დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა, რომ რუსეთის სახელმწიფო მხარს უჭერდა სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარებას და არ უზრუნველყო WADA-ს წვდომა მოსკოვის ლაბორატორიაში დაცულ სინჯებზე, რომლებიც დალუქულია რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების გამო. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სხდომაზე გამოსვლისას, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კომისიის დასკვნის უპირობოდ აღიარება შეუძლებელია, რადგან რუსეთის ანტისადოპინგო სისტემის ხარვეზების გამო დამნაშავეა პირადი გამორჩენით დაინტერესებულ პირთა ჯგუფი, და არა სახელმწიფო. რუსეთს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტაცია 2015 წლის ნოემბერში შეუჩერდა WADA-ს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის საფუძველზე. კომისიამ, რომელსაც კანადელი იურისტი, რიჩარდ მაკლარენი ხელმძღვანელობდა, დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით რუსეთში დოპინგს იყენებდა ათასზე მეტი სპორტსმენი. კომისიის დასკვნის საფუძველზე ბევრ რუს ათლეტს აეკრძალა საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობა. 2018 წლის ზამთრის თამაშებში რუსეთის მონაწილეობის საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დეკემბერში იმსჯელებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG