Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლო: სახალხო დამცველი თავის კომპეტენციას გასცდა


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა „ციანიდის საქმის“ შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს. სასამართლოს განცხადებით, მიუხედავად ომბუდსმენის მიერ სასამართლოს მიმართ გამოთქმული პატივისცემის და განმარტებისა, რომ ანგარიშში არ განხილულა მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა კომპეტენციის ფარგლებს და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა. „სახალხო დამცველი პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე, მსჯელობაში შევიდა და მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, გონივრულად წარმოშობილი ეჭვი მოსამართლის მიერ ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია“ - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებსაიტზე 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და სხვა კანონების შესაბამისად, თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე და არავის აქვს უფლება, მოსამართლეს მოთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. „მოსამართლისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი თავისი შეხედულებები და შეფასებები თავს მოახვიოს საზოგადოებას და იმსჯელოს მათზე, როგორც ობიექტურ რეალობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებს არა პირადად, არამედ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა” - ნათქვამია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ომბუდსმენისგან სასამართლოს განაჩენსა და სხდომათა სრულად დახურვის საკითხზე მსჯელობა უხერხულია მაშინ, როცა თავად ისე ასრულებს უფლებამოსილების ვადას, რომ ვერ განსაზღვრა სახალხო დამცველის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლები. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, „ციანიდის საქმის“ შესახებ გამოქვეყნებული „16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური ანგარიში არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს.“

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG