Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაასრულა ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში


ლევან იზორია
ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ვაშინგტონში ვიზიტი დაასრულა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან შეხვედრით. თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლევან იზორიამ და ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სტაბილურობის შენარჩუნების გზებსა და ამ პროცესში საქართველოს როლზე. „დავგეგმეთ, რომ მომავალ წლებში ერთობლივი წვრთნების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. ამ მიმართულებით გვსურს კონკრეტული წინადადებები შევიმუშავოთ და მომავალი წლის დასაწყისიდან ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიურობის სფერო“ - განაცხადა ლევან იზორიამ. ვაშინგტონში ოთხდღიანი ვიზიტის შეჯამებისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. „ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური მხარდაჭერა და აღიარება იმ პროგრესისა, რასაც საქართველო ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა ინსტიტუტის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესით“- განაცხადა ლევან იზორიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტისას შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მატისს და სენატორს, ლინდსი გრემს.

XS
SM
MD
LG