Accessibility links

ჩიხში შევიდა გერმანიის კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესი


ანგელა მერკელი

გერმანიაში შეწყდა თითქმის ორთვიანი მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი თქვა თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ. მისმა ლიდერმა, კრისტიან ლინდნერმა მიზეზად დაასახელა ურთიერთნდობის არარსებობა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა წუხილი გამოთქვა თავისუფალი დემოკრატების გადაწყვეტილების გამო. მერკელის თქმით, ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან-სოციალისტების კავშირს იმედი ჰქონდა, რომ მოლაპარაკების მონაწილეები ერთი გზით მიდიან და შეთანხმებას შეძლებდნენ. ანგელა მერკელი 20 ნოემბერს შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და შექმნილ ვითარებას გააცნობს. მერკელის განცხადებით, ის, როგორც ფედერალური კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომდევნო, რთულ პერიოდში გერმანია კვლავ სწორი ხელმძღვანელობით იმართებოდეს. ქრისტიან-სოციალისტების ლიდერმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად წარუმატებელ მოლაპარაკებას უწოდა ტვირთი გერმანიისთვის და განაცხადა, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ზეეჰოფერის ინფორმაციით, საბოლოოდ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ლტოლვილების მიღების საკითხზე. მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების გამო წუხილი გამოთქვა პროცესის კიდევ ერთმა მონაწილემ, გერმანიის მწვანეთა პარტიამ. ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რალფ შტეგნერმა კოალიციური მთავრობის შექმნის ჩიხში შესვლას უწოდა ანგელა მერკელის საბოლოო კრახი.შტეგნერის განცხადებით, ვერ წარმოუდგენია სიტუაცია, როცა სოციალ-დემოკრატები შეცვლიან ოპოზიციაში გადასვლის გადაწყვეტილებას და კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში ჩაერთვებიან. გერმანიისსოციალ-დემოკრატიული პარტია ოპოზიციაში გადავიდა სექტმბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და ხმების მხოლოდ 20% მიიღო. არჩევნების შედეგად პოზიციები საგრძნობლად გაიუარესა ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან სოციალისტების კავშირმაც, რომელიც იძულებული გახდა კოალიციური მთავრობის შესაქმენლად მოლაპარაკება ეწარმოებინა პოპულისტურ, თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან.

XS
SM
MD
LG