Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი პირადად ხელმძღვანელობდა ქართველების დეპორტაციას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხაილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი, ვალერი გელეტეი პირადად ხელმძღვანელობდა ოპერაციას უკრაინიდან სააკაშვილის ოთხი თანამებრძოლის დეპორტაციის მიზნით. სააკაშვილმა 20 ნოემბერს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ოთხი ქართველი კიევში დააკავეს და ვერტმფრენებით წაიყვანეს ოდესაში, შემდეგ ჩერნომორსკის ნავსადუგრიდან ბორნით გადაიყვანეს საქართველოში, ფოთის ნავსადგურში. დეპორტირებულებს შორის არიან ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის კორესპონდენტი თამაზ შავშიშვილი და დონბასში მებრძოლი მოხალისე, ვანო ნადირაძე. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მოხდა საქართველოს რვა მოქალაქის დეპორტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის ხელთ არსებული მასალის საფუძველზე. ამ მასალის თანახმად, დეპორტირებულთა საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. საქართველოდან გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იბარებს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის გამო. 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა სათავეში ჩაუდგეს უკრაინის ახალ მთავრობას. „უკრაინას სჭირდება ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობის შექმნა, რომელიც ერთობლივად უნდა შეიქმნას. მზად ვარ თქვენთან ერთად ჩავუდგე სათავეში ამ პროცესს და, თუ საჭირო გახდება, ვუხელმძღვანელო ამ მთავრობას“, - განაცხადა სააკაშვილმა 19 ნოემბერს, კიევში, საკანომდებლო ორგანოს წინ გამართულ მიტინგზე.

XS
SM
MD
LG