Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტი საუბრობს „უპრეცედენტო ვითარებაზე“ მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მთავრობის შექმნის მცდელობა


გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, რომელიც მან კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, ქვეყანაში „უპრეცედენტო ვითარება“ შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მთავრობის შექმნის მცდელობა. კვირას გახდა ცნობილი, რომ შეწყდა კოალიციური მთავრობის შესაქმნელი მოლაპარაკება, რომელსაც სექტემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აწარმოებდნენ მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, მწვანეთა პარტია და თავისუფალ დემოკრატთა პარტია. ამ უკანასკნელმა უარი თქვა მოლაპარაკების გაგრძელებაზე და განმარტა, რომ არ სურს მხარი დაუჭეროს პოლიტიკურ კურსს, რომლის სისწორისაც არ სჯერა. გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, გაიმართება კონსულტაციები ყველა პარტიასთან და ყველა პოლიტიკურ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა მთავრობის ფორმირებაზე. დღეს უფრო ადრე გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც წინა კოალიციური მთავრობის წევრი იყო, დაადასტურა, რომ არ აპირებს მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად კვლავ შექმნას კოალიცია. სოციალ-დემოკრატების ამ პოზიციის გამო ვარაუდობენ, რომ გერმანიაში შესაძლოა თავიდან ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG