Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: სირიაში სამხედრო ოპერაცია სრულდება


ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ასადი
ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ასადი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სოჭში მიიღო სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი. მათი შეხვედრა 20 ნოემბერს გაიმართა, თუმცა, კრემლის პრესსამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია 21 ნოემბერს გაავრცელა. პუტინის განცხადებით, ტერორიზმზე სრული გამარჯვება ჯერ ძალიან შორსაა, თუმცა, სრულდება სირიის ტერიტორიაზე რუსეთ-სირიის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია. ვლადიმირ პუტინის თქმით, სირიაში უნდა დაიწყოს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური პროცესი. რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს გაერო. პუტინის ინფორმაციით, სირიაში შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური გზებით მოგვარების საკითხზე, 22 ნოემბერს, სოჭში მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის და ირანის პრეზიდენტებთან. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, აშშ-თან და 21 ნოემბერს გეგმავს სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ორი წლის წინ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ტერორისტებისგან გათავისუფლდა სირიის ბევრი რაიონი და საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკური პროცესის დაწყებას. ასადმა პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთის დახმარებით სირიამ შეძლო თავისი ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის დაცვა.

XS
SM
MD
LG