Accessibility links

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას დაუბრუნა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის სტატუსი


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ჩრდილოეთ კორეა დააბრუნოს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში. თეთრ სახლში, 20 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებას მოჰყვება ფხენიანის საწინააღმდეგო ახალი, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ემუქრება თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამებით, მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს, მათ შორის მკვლელობებს უცხოეთში. დონალდ ტრამპმა მაგალითებად მოიყვანა მალაიზიაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობა და ამერიკელი სტუდენტი, ოტო უორმბიერი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის საპატიმროში 17 თვე გაატარა და აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან 2008 წელს ამოიღო აშშ-ის პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა. სანაცვლოდ ფხენიანს თავის ატომურ ობიექტებზე უნდა შეეშვა საერთაშორისო ინსპექტორები, თუმცა, ეს პირობა მალევე დაარღვია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უმცროსი ჯორჯ ბუშის მიერ 9 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას გულუბრყვილო შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის ადრეც უნდა დაებრუნებინათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG