Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერის, წინასექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების საჩივარი. დავის საგანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ივლისში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმის გარემოებები და დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა 21 ნოემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ქართველმა სამართალდამცავებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თბილისში დააკავეს თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე. ანკარა ჩაბუქს ადანაშაულებს ფეტულა გიულენის „ტერორისტულ ორგანიზაციასთან“ კავშირში, რასაც თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. მას საქართველოში წინასაექსტრადიციო პატიმრობის მეორე, სამთვიანი ვადა ამ კვირაში ეწურება. ქართველი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ჩაბუქის ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან მას თურქეთში ემუქრება არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. საქართველოს სახელმწიფო ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხს ვერ გადაწყვეტს, სანამ მისი საქმის განხილვა არ დასრულდება სასამართლოს ყველა ინსტანციაში.

XS
SM
MD
LG