Accessibility links

თბილისში მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია


თბილისის ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, გრძელდება სპეცოპერაცია ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მყოფ პირთა დასაკავებლად. ოპერაციას ატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერაციის ადგილიდან ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. არაოფიციალური ინფორმაციით, პირები, რომელთა დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი. ოპერაციის დაწყებამდე განხორციელდა კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა უსაფრთხოება დაცულია. ამასთან, ევაკუაციას ითხოვდნენ მიმდებარე კორპუსების მცხოვრებნიც. დილის 11 საათისთვის მოსახლეობამ სამართალდამცავების დახმარებით დაიწყო საცხოვრებელი კორპუსებიდან გამოსვლა. სროლის და აფეთქებების შედეგად დაზიანებულია რამდენიმე ბინა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG