Accessibility links

კუდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა სასამართლოს ჩვენება მისცა


დათა ახალაია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად, სკაიპის მეშვეობით დაკითხეს საქართველოს შსს-ში 2012 წლის შემოდგომამდე არსებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დათა ახალაია. სასამართლო განიხილავს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის 2014 წელს წარდგენილ ბრალდებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დათა ახალაიამ უპასუხოდ დატოვა პროკურორის შეკითხვა, მიაყენა თუ არა სანდრო გირგვლიანს, ან რომელიმე სხვა პირს, ფიზიკური შერაცხყოფა. ამასთან, ახალაიამ უარყო, რომ 2006 წლის იანვარში, გირგვლიანის გარდაცვალების ადგილზე, ოქროყანის სასაფლაოსთან იმყოფებოდა ოლეგ მელნიკოვთან, გერონტი ალანიასა და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად. სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ 2006 წლის 28 იანვარს, დათა ახალაიასა და შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლს, თაკო სალაყაიას შორის განხორციელდა 67 სატელეფონო ზარი და შეტყობინება. დათა ახალაიამ პასუხი არ გასცა პროკურორის შეკითხვას, რა შინაარსის იყო მათი საუბარი. ბრალდების მხარემ ახალაიას ჰკითხა ისიც, თუ ვინ გაუწია რეკომენდაცია კუდ-ის ხელმძღვანელის პოსტზე დასანიშნად, მაშინ როცა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა. "ვანო მერაბიშვილმა გამიწია რეკომენდაცია. მე გავამართლე. გაიხსენეთ რამდენი მაღალჩინოსანი დავიჭირე ქრთამით ხელში. დიპლომიც მქონდა და დამთავრებული მქონდა სწავლა" - განაცხადა დათა ახალაიამ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა და მასთან სანდრო გირგვლიანის საქმეზე არასდროს უსაუბრია. ახალაიამ ასევე, აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოში წაყენებული ბრალდებები შეთითხნილია და პოლიტიკური მოტივით იდევნება. დათა ახალაიამ, რომელიც დაუსწრებლად უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის რამდენიმე, მათ შორის პოლიციელების ცემის და „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ახალაია 2014 წელს საბერძნეთში დააკავეს, თუმცა, ადგილობრივმა სასამართლომ უარი თქვა მის ექსტრადირებაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG