Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს გაუგრძელა წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს კიდევ სამი თვით, 24 თებერვლამდე გაუგრძელა წინასექსტრადიციო პატიმრობის ვადა. მისი გაგრძელების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა პროკურატურამ, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ჩაბუქის მიმალვის საფრთხე. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ ადვოკატები, რომლებიც ითხოვდნენ ჩაბუქის გათავისუფლებას 10 ათასი ლარის გირაოს და შესაბამისი ორგანოებისთვის პასპორტის ჩაბარების სანაცვლოდ. 23 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა განმარტა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ახალი მტკიცებულებები და კვლავ არსებობს საფრთხეები, რომელთა გამო მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდაპირველად შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა. დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩაბუქისთვის პატიმრობის ვადის კიდევ სამი თვით გაგრძელების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ქართველმა სამართალდამცავებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თბილისში დააკავეს თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე. ანკარა ჩაბუქს ადანაშაულებს ფეტულა გიულენის „ტერორისტულ ორგანიზაციასთან“ კავშირში, რასაც მუსტაფა ემრე ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ქართველი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ჩაბუქის ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან მას თურქეთში ემუქრება არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.

XS
SM
MD
LG