Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი ოპოზიციონერები მოითხოვენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას


2017 წლის 22 ნოემბერი: საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ-ჯუბეირი (ცენტრში) რიადში, სირიელი ოპოზიციონერების შეხვედრაზე
2017 წლის 22 ნოემბერი: საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ-ჯუბეირი (ცენტრში) რიადში, სირიელი ოპოზიციონერების შეხვედრაზე

სირიელი ოპოზიციონერები მოითხოვენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას სირიაში გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე. ეს მოთხოვნა შესულია განცხადებაში, რომელიც მიიღეს სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის ბოლოს. შეხვედრა გაიმართა საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში. საინფორმაციო სააგენტო დეპეას ცნობით, დოკუმენტში გამოთქმულია შეფასება, რომ მხოლოდ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის შემდეგ იქნება შესაძლებელი პოლიტიკური პროცესის სტაბილურად და უსაფრთხოდ წარმართვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ საერთო პოზიციაზე შეჯერებას სირიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისათვის, რომელიც გაეროს ეგიდით იმართება ჟენევაში. სირიის მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 28 ნოემბერს გაიმართება. ბაშარ ალ-ასადი ოპოზიციონერების დიდ ნაწილს მიაჩნია სამხედრო დამნაშავედ, რომელიც აღარ შეიძლება დარჩეს პრეზიდენტად. მაგრამ სირიის პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთის და ირანი. ეს ორი ქვეყანა და თურქეთი აპირებენ, ჟენევის შეხვედრის პარალელურად გამართონ „სირიის ხალხთა კონგრესი“. ამის შესახებ 22 ნოემბერს სოჭში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ რუსეთის, ირანისა და თურქეთის ლიდერები. სირიაში 2011 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც უკვე 330 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG