Accessibility links

ახალი ამბები

ჰაკერობაში ეჭვმიტანილი რუსი მოქალაქე პრაღამ შეიძლება აშშ-ს გადასცეს

ჩეხეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ჰაკერობაში ეჭვმიტანილი რუსი მოქალაქე შეიძლება აშშ-ს გადასცენ. გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე. პრაღაში, უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა დაბალი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ შეიძლება ევგენი ნიკულინის აშშ-ში ექსტრადირება. ნიკულინს აშშ ადანაშაულებს კომპიუტერების გატეხვაში და ინფორმაციის მოპარვაში ისეთი დიდი საინტერნეტო კომპანიებისგან, როგორიც არიან ლინკედლინი და დროპბოქსი. მოსკოვი, რომელმაც არაერთხელ დაგმო მისი მოქალაქეების მესამე ქვეყნებისთვის გადაცემა, ცდილობდა ნიკულინის ექსტრადიციის მიღწევას ინტერნეტში ქურდობის სხვა ბრალდებების გამო. საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ში ეჭვმიტანილის გადაცემის შესახებ უნდა მიიღოს ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც შეუძლია ერთ ქვეყანაში ექსტრადირება დაუშვას და სხვა ქვეყნისთვის გადაცემა შეაჩეროს. ნიკულინმა თავიდან გაასაჩივრა ორივე, აშშ-ში და რუსეთში თავისი გადაცემა, მაგრამ მოგვიანებით უკან წაიღო სამშობლოში ექსტრადირების გასაჩივრება. ნიკულინი ჩეხეთის ხელისუფლებმა დააკავეს 2016 წლის ოქტომბერში. ის აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა ინტერპოლის მიერ. მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების ფონია აშშ-ში მიმდინარე გამოძიება ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო გავლენის გარშემო.

ყველა ახალი ამბავი

აშშ-ის გენერალური პროკურორი მიულერის ანგარიშის რედაქტირებულ ვერსიას გამოაქვეყნებს

აშშ-ის საგანგებო პროკურორი, რობერს მიულერი ვაშინგტონში, თავის ოფისთან, 2019 წლის 17 აპრილს.

ვაშინგტონში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ბრალად სდებენ აშშ-ის გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომ ცდილობს დაიცვას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფითი დასკვნებისაგან საგანგებო პროკურორის ანგარიშში, რომელიც ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის გავლენას.

ბარმა და მისმა მოადგილემ, როდ როსენსტაინმა პრეს-კონფერენცია მოიწვიეს დასკვნის რედაქტირებული ვერსიის კონგრესისთვის გადაცემის და საჯაროდ გამოქვეყნების წინ 18 აპრილს და წარმოადგენენ საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ რუსეთის თაობაზე ჩატარებული გამოძიების თითქმის 400 გვერდიანი დასკვნის მათეულ ინტერპრეტაციას.

იუსტიციის უწყების თანახმად, მას მერე, რაც ბარი შეკითხვებს უპასუხებს, ის აპირებს კონგრესს თავისი ანგარიში წარუდგინოს, რაც დაგეგმილია ვაშინგტონის დროით დილით 11 საათზე.

შემდეგ დასკვნის რედაქტირებული ვერსია გამოქვეყნდება საგანგებო პროკურორის საიტზე. წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა,რომ ბარმა ნდობა და იუსტიციის უწყების დამოუკიდებლობა დაკარგა თავისი მიზანდასახული ძალისხმევით, დაიცვას ტრამპი.

მოსამართლეთა შერჩევის წესის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

უზენაესი სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს აპროტესტებდნენ.

„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მის გარშემო შემოკრებილმა ადამიანებმა უღალატეს დაპირებას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდებოდა სამართლიანობა.

„ძალიან ცუდად ეთამაშებით სამართალს, ცუდად იწვევთ საზოგადოებას, რომელიც არასდროს ეგუებოდა უსამართლობას - არც დღეს ეგუება და არც მომავალში შეეგუება. მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ამ მავნებლური კანონპროექტის განხილვა. მივიღოთ კანონი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მოსამართლეებად განწესდნენ ღირსეული კანდიდატები. საზოგადოება ითხოვს სამართალს და ეს მოთხოვნა არ შეწყდება მანამ, ვიდრე სამართალი არ იქნება", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, მისი ამჟამინდელი თანამოაზრეები ახლა სამართლის სადარაჯოზე დგანან.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის ლევან სამუშიას განმარტებით,ისინი არ დაუშვებენ „სამართლის პროვატიზებას“

პარტიის წევრის,ნინო გოგუაძის თქმით კი, საზოგადოება უსამართლობას არ შეეგუება.

„საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა და საერთოდ, ქვეყანაა. უსამართლო სასამართლოს არ დაუშვებს ქართველი ხალხი. აუცილებლად ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ ან დაანებოს თავი სასამართლოს, ან თვითონ წავიდეს ხელისუფლებიდან", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, საყვირებითა და ტრანსფარანტებით ხელში უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის შენობამდე გზა ფეხით გაიარეს.

დღეს გამოქვეყნდება აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიების ანგარიშის რედაქტირებული ვერსია

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი დღეს გამოაქვეყნებს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის რედაქტირებულ ვერსიას. ანგარიშში ასახულია 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების შედეგები.

რობერტ ბარი და მისი მოადგილე როდ როზენსტეინი, რომელმაც თითქმის ორი წლის წინ დანიშნა მიულერი სპეცპროკურორად, 18 აპრილს, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე (საქართველოში 17:30) ჩაატარებენ პრეს-კრონფერენციას ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 აპრილს რადიოინტერვიუში თქვა, რომ შესაძლოა თვითონაც გამართოს პრესკონფერენცია მას შემდეგ, რაც დასრულდება რობერტ ბარის შეხვედრა მედიასთან. ტრამპის მიულერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პრესმდივანმა 15 აპრილს განაცხადა, რომ ანგარიში ხელმისაწვდომი გახდება როგორც კონგრესის, ისე საზოგადოებისთვის.

თითქმის 400-გვერდიანი ანგარიშის სრული სახით გამოქვეყნებას ბარს 24 მარტის შემდეგ დემოკრატი კანონმდებლები სთხოვენ - მას შემდეგ, რაც მან კონგრესს წარუდგინა ანგარიშის ოთხგვერდიანი შეჯამება.

დემოკრატების აზრით, შეჯამება საკმარისი არ არის. დეპუტატები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ბარი, რომელიც დონალდ ტრამპმა ახლახან დანიშნა თანამდებობაზე, ცდილობს დაფაროს პრეზიდენტის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია.

ზუგდიდის სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ჯარიმის გადახდა დააკისრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ანა წითლიძე და გიორგი პატარაია დამნაშავედ ცნო და თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა. მათ ბრალად ედებოდათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

საქმე ეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში 11 აპრილს მომხდარ ინციდენტს, სადაც სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებსა პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრების განმარტებით, სასამართლომ დღეს მიკერძოებული და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც ემსახურება მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლას.

გაასაჩივრებენ თუ არა, გადაწყვეტილებას ანა წითლიძემ და გიორგი პატარაიამ ჯერ არ იციან,თუმცა აღნიშნავენ, რომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ.

დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები, ასევე ფოტო და ვიდეო მასალა. მოსამართლემ ასევე წაიკითხა პოლიციელების - გოგა რიჟამაძის და ალიკა კვარაცხელიას ჩვენების ოქმები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ არ უთვალთვალებდნენ ოპოზიციის წევრებს და იმყოფებოდნენ, რიგით პატრულირებაზე.

ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 11 აპრილს დააკავეს. გამოკითხვის შემდეგ ანა წითლიძე და გიორგი პატარაია გაათავისუფლეს, მანუჩარ ჩხეტია კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, 12 აპრილს კი ის სასამართლომ გაათავისუფლა. საქმის სარეზოლუციო ნაწილი კი 19 აპრილს გამოცხადდება. მაშინ გაირკვევა, დააკისრებენ თუ არა ბრალდებულს ჯარიმას.

ტაქსის მძღოლებმა აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს

ტაქსის მძღოლების მიერ დაანონსებული პერმამენტული აქციები აღარ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილმა მძღოლებმა განაცხადეს.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, არჩილ არჯევანიძის თქმით, მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის ყინულის ლღობა დაიწყო და ისინი ვერ ხედავენ ქუჩაში დგომის აუცილებლობას. მისივე თქმით, კახა კალაძესა და მათ შორის მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს.

"გვაქვს კონსულტაციები კახა კალაძესთან. ბევრ რამეს მივაღწიეთ და ბევრი დარჩა გადასაწყვეტი, რაზეც გამოთქვამს ბატონი კახა და მერიაც მზაობას, რომ ვითანამშრომლოთ, ამისათვის კი ვიფიქრეთ ბიჭებმა, რომ ძალიან კარგია და სასიამოვნოა, რომ ყინული გალღვა და დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი. არცერთი ვართ ქუჩაში დგომის მომხრე და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ აქციები," - განცხადა არჩილ არჯევანიძემ.

შეგახსენებთ ,რომ ტაქსის მძღოლებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია და მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.

ბაჩანა შენგელია: ია კერზაიას საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს

ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ მისი დედის გარდაცვალების საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. პროკურატურაში საქმის გამოძიების მასალების გაცნობის შემდეგ მან განაცხადა, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს საქმის მთავარი მოქმედი პირები:

ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული საქმეზე. ნაცვლად ამისა, არიან გამოკითხული ისეთი პირები, რომლებსაც დანაშაულზე პრაქტიკულად ვერ ექნებოდათ ინფორმაცია. მაგალითად, სკოლის დამლაგებლები, რაც აბსურდია.

ასევე არ არის დეტალური ამონაწერები ტელეფონებიდან, არ არის ექსპერტიზა. მაგალითად, არ არის კამერები დროულად ამოღებული. მე ამას ხაზს ვუსვამ, არის 4 თვის დაგვიანებით მიმართვა კამერების ამოღებასთან დაკავშირებით და პასუხი არის, რომ კამერები არის წაშლილი. საუბარია ვინმე ლავრენტი ქირიაზე, რომელიც არ არსებობს და ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული.“-აღნიშნა ბაჩანა შემგელიამ. მისი თქმით, სანამ განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ დაიკითხება, საქმის გამოძიებასა და ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია.

ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში მისვლა, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს უწყებამ განცხადებით 18 აპრილს შესთავაზა.

პროკურატურის თანახმად, მას საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები სრულად გააცნობდნენ საქმის მასალებს და მიაწვდიდნენ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.

შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

ოპოზიცია გამოცდებზე: უმრავლესობა არ იზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობა სრულყოფილად არ იზიარებს საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნას.

„ვენეციის კომისიამ, ისევე როგორც ეუთო/ოდირმა, გითხრათ, რომ (კანდიდატები) უნდა გათავისუფლდნენ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისგან. მაგრამ თქვენ გვთავაზობთ ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია კანდიდატი წარადგინოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გარეშე...

ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო „უფლებამოსილია“... და არ გვთავაზობთ იმ ჩანაწერს, რომელიც არის მოთხოვნილი ვენეციის კომისიის მხრიდან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ.

ტექსტში სიტყვა „უფლებამოსილია“-ს ჩამატება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატისთვის, რომან გოცირიძისთვისაც იმის მანიშნებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება-არჩატარების საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებაზე იქნება მინდობილი.

„არავითარი გამოცდები არ უქმდება არამოსამართლე წევრებისთვის და იქნება თუ არა გამოცდები, ეს დამოკიდებული იქნება იუსტიციის საბჭოს კეთილ ნებაზე. მას შეუძლია, რომ ერთ შემთხვევაში ჩაატაროს, ხოლო მეორე შემთხვევაში არ ჩაატაროს, რადგან წერია, რომ იგი უფლებამოსილია გამოცდა გააუქმოს ან არ გააუქმოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია მოუწოდებს უმრავლესობას, რომ თუკი მართლა იზიარებს ვენეციის კომისიის ამ კონკრეტული რეკომენდაციას, კანონპროექტში უფრო გასაგები, არაორაზროვანი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს.

საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულ დებს შსს ჰკითხავს

შსს-ს ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო დეპარტამენტისა და მიგრაციის სამსახურის თანამშრომლები, ამ წუთებში საუდის არაბეთიდნ გამოქცეულ დებს ჰკითხავენ.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საცხოვრებელ ადგილზე მისულმა შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარდება მხოლოდ გამოკითხვა და არ იგეგმება ახალგაზრდა ქალების სადმე გადაყვანა. შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე თბილისში არიან; ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ტვიტერზე გოგოები საკუთარ ფოტოებსა და ვიდეომიმართვას ავრცელებენ. გოგოები სახლიდან ოჯახის სისტემატურ ზეწოლას გამოექცნენ, რისგანაც მათ სახელმწიფო ვერ იცავდა. დებმა საქართველოს საზღვარი სარფში 1 აპრილს გადმოკვეთეს და ახლობლების დახმარებით თბილისში ჩამოვიდნენ.

უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე დააკავეს ჟურნალისტი ზაზა დავითაია

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს შენობასთან, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების’“ ბლოკის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქციაზე დააკავეს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია.

შსს-ს ინფორმაციით ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ზაზა დავითაია „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს შალვა შავგულიძეს შეკითხვას უსვამდა. მოგვიანებით მასსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ზაზა დავითაიას აქციის მონაწილეები პროვოკატორს უწოდებდნენ.

თავად დავითაიას თქმით, მას კითხვის დასმა არ აცალეს.

ანრი ოხანაშვილი:მზად ვართ უარი ვთქვათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე

"მზად ვართ წარმოგიდგინოთ პოზიცია და უარი ვთქვათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე - ეს იქნება კომპრომისული მიდგომა ჩვენი მხრიდან", - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მეორე მოსმენით “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტს წარადგენს.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას მიმართა და ოპონენტების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის იმედი გამოთქვა.

ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი “ვენეციის კომისიის ყველა პრინციპულ რეკომენდაციას ითვალისწინებს, გარდა ერთისა, რომელიც მისი თქმით, არ არის წმინდა სამართლებრივი რეკომენდაცია.

“ვენეციის კომისია არ საუბრობს იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნა არის აუცილებელი. ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა. არსებობს პოზიცია და ეს არის ლოგიკური, რომ საკვალიფიკაციო გამოცდა ძალიან მაღალ სტანდარტს ნიშნავს და თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე გახდეს, მას უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ სისტემაში უფრო მეტად მომზადებული შევიდეს. ამიტომ ამაში არაფერია ცუდი - პირიქით. თუმცა, ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, რომ გამოცდები შესაძლოა იყოს ხელოვნური ბარიერი. ამიტომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი ყველა ამ სუბიექტთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ უარი ვთქვათ საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე - ეს იქნება კომპრომისული მიდგომა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

ვოლსკი: ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უნდა გავითვალისწინოთ 

გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საკვალიფიკაციო გამოცდას კომპეტენციის დადასტურების სერიოზულ ფილტრად მიიჩევს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის გამოცდის მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

რასაკვირველია, საზოგადოებისთვის უკეთესი გასაგები იქნება იმ მოსამართლის კომპეტენცია, რომელიც გაივლის გამოცდას, მაგრამ თუკი ამას დაემატება სხვა კომპეტენციის გარკვეული მოთხოვნები, მზად ვარ, რომ ეს პოზიცია დავთმო, თუმცა, ეს იქნება გუნდის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა და არა ჩემი ბოლომდე დარწმუნება ამ საკითხის სისწორეში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, რა პოზიციაზეა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით:

ბიძინა ივანიშვილს თავის პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ერთ მთავარ პრინციპზე, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებები და წინადადებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ზელენსკიმ დაიქირავა ამერიკული ლობისტური კომპანია საზღვარგარეთ იმიჯის გასაუმჯობესებლად

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაიქირავა ვაშინგტონში დაფუძნებული ლობისტური კომპანია „სიგნალ გრუპ კონსალტინგი“, რომელსაც ევალება საზღვარგარეთ ზელენსკის იმიჯის გასაუმჯობესება და ვაშინგტონში ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზება.

„სიგნალ ჯგუფის“ წარმომადგენელმა მედიასთან ურთიერთობის საკითხში, ჯონ პროქტერმა ელ-ფოსტის წერილით დაუდასტურა რთე/რთ-ს, რომ ზელენსკი 60 ათას დოლარს იხდის კომპანიის მომსახურებაში.

მაგრამ თვითონ ზელენსკი უარყოფს „სიგნალ გრუპთან“ კონტრაქტის არსებობას.

აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დოკუმენტით, რომელიც 17 აპრილს გამოქვეყნდა, „სიგნალ გრუპი“ ზელენსკის დავალებით დაიქირავა მარკუს კოენმა.

პროქტერის თანახმად, კომპანიამ გასულ კვირაში დაიწყო ზელენსკისათვის მუშაობა, რაც ითვალისწინებს მისი გუნდის წევრების კონგრესის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მედიისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებას.

შსს: „ჩათლახბარათის“ დამკვეთთა მიმართ გამოძიება გუშინ არ დაგვიწყია

ე.წ. მასაჟ-ცენტრის მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადეს შს სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, სწორედ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ 17 აპრილს მასაჟ-ცენტრის თანამშრომლები.

ამ ეტაპზე, უწყებაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

მედია მასაჟ-ცენტრის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე დღის წინ, თბილისისა და ბათუმის ქუჩებში გაჩნდა ცენტრის მიერ დაკვეთილი სარეკლამო ბანერები სახელწოდებით „ჩათლახბარათი“.

მიუხედავად ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარე გამოძიებისა, ფეისბუქში რამდენიმე თვის განმავლობაში კვლავ აქტიური იყო ცენტრის გვერდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა მომსახურებას ეროტიკული მასაჟის სახით.

ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული იყო ქალების ფოტოები, რომლებსაც თან ახლა სექსისტური ხასიათის ე.წ. „მახვილგონივრული ხუმრობები“. მასაჟ-ცენტრი მომხმარებელს იმასაც ახსენებდა, რომ ცენტრის სტუმრებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.

მასაჟ-ცენტრის გარე რეკლამა და ფეისბუქის გვერდი მას შემდეგ გაქრა, რაც ცენტრის საქმიანობით მედია დაინტერესდა და შსს-სა და მერიას მიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა

პატიმრობაში მყოფი 22 წლის მირიან მირკელიას მამამ 18 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან თვითდაზიანება მიიყენა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს, დაზარალებულმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

დაკავებული ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან აქცია სასამართლო სხდომის დაწყებამდე გამართეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ სასამართლო დღეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა.

მირიან მირკელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას არასრულწლოვნის თანდასწრებით და ძალადობას.

ბრალდებულ მირიან მირკელიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ინციდენტი მეზობელთან რამდენიმე თვის წინ შეემთხვა და იგი დანაშაულს აღიარებს.

ამასთან, მისივე ცნობით, პრეტენზიას არ გამოხატავს არც ინციდენტში დაზარალებული მხარე. სწორედ ამიტომ დაცვის მხარე საპროცესო გარიგებას ითხოვს. ამ მოთხოვნაზე მას ერთხელ უკვე ეთქვა უარი, რის გამოც სასამართლოსთან შუამდგომლობა ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააყენა.

გადაწყვეტილება 18 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადებულა. მირიან მირკელიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 22 აპრილამდე გადადო.

ადვოკატი: დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს ბავშვის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა განაცხადა.

ლევან გორელაშვილის თქმით,მუქარისშემცველი საუბარი მას და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს, ლევან ჩხეიძეს შორის დაახლოებით 4 დღის წინ შედგა. საუბრისას ლევან ჩხეიძე მას დავით ბაგრატიონის დანაბარებს გადასცემდა.

ლევან გორელაშვილი მსგავსი ვიდეოს არსებობას შეუძლებლად მიიჩნევს, ვინაიდან მსგავსი არაფერი მომხდარა.

„ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არასოდეს ჰქონია. გამორიცხულია არსებობდეს რაიმე ტიპის კომპრომატი, რაც ანას მიერ გიორგიზე [ანას შვილი] ფიზიკურ ძალადობას ასახავს. ეს არის ტყუილი, რომელიც მზადდება საზოგადოებისთვის მისაწოდებლად, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში დავებს არ შევწყვეტთ“,- ამბობს ლევან გორელაშვილი.

ლევან გორელაშვილის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დავით ბაგრატიონ- მუხრანელი აქტიურად ცდილობს ანა ბაგრატიონის დაცვისმხარე დაიყოლიოს, შეწყვიტოს დავა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაასაჩივროს.

11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად დატოვა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სამართლებრივი დავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიცსაქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა.

ლევან გორელაშვილი ამბობს, რომ დავის შეწყვეტის მიზნით, დავით ბაგრატიონმა სხვადასვხა სტრატეგიას მიმართა. კერძოდ, ტირილით დაურეკა ანა ბაგრატიონს და დავის შეწყვეტა სთხოვა, შემდგომ შესთავაზა 90 ათას ლარზე მეტი თანხა, რათა მის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებაში მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დავაც შეწყვეტილიყო და ასევე დაემუქრა ბავშვის ცემის კომპრომატის გასაჯაროვებით, რის საფუძველზეც დავით ბაგრატიონიანა ბაგრატიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას აპირებს საქართველოსა და ესპანეთშიც.

ლევან გორელაშვილი ამბობს, რომ მათ ფინანსური ინტერესები არ აქვთ და დავის შეწყვეტას არ აპირებენ.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე სატელეფონო საუბრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მუქარას უარყოფს.

ლევან ჩხეიძის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილს დავით ბაგრატიონის დანაბარები გადასცა, რომ თუსისხლის სამართლის დანაშაულზე უჩივლებენ,ანა ბაგრატიონის წინააღმდეგმტკიცებულებებს წარადგენდნენ როგორც სამოქალაქო, ასევ სისხლის სამართლებრივი კუთხით.

ლევან ჩხაიძის თქმით, დავით ბაგრატიონსაქვს ბავშვის ცემის ამსახველი ვიდეო, თუმცა ვერ აკონკრეტებს რომელ ბავშვზეა საუბარი და არც ისი იცის როდისაა ვიდეო გადაღებული.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი სისხლის სამართლის ნაწილში ელისო რუხაძე ამბობს, რომ ანა ბაგრატიონის მიმართ საუბარია უფრო მძიმე დანაშაულზე, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რასთან დაკავშირებით მოწმეების დაკითხვაც იგეგმება. ელისო რუხაძე არ გამორიცხავს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს.

ანა ბაგრატიონის ადვოკატები სატელეფონო ჩანაწერს საგამოძიებო ორგანოებს გადასცემენ.

უმრავლესობა ვენეციის კომისიის ორი რეკომენდაციის გათვალისწინებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტში ვენეციის კომისიის ორი რეკომენდაცია გაითვალისწინოს. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ 18 აპრილს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს - კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. ეს რეკომენდაცია შესრულდება სრულად.

მეორე საკითხის განხილვა შეეხებოდა გამოცდის თემას. ვენეციის კომისიის რეკომენადაცია პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა, რომ დავბრუნდეთ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კრიტერიუმებიდან შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული დასკვნა ვენეციის კომისიამ 16 აპრილს გამოაქვეყნა. საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დასკვნაში წერია:

„უნდა გადაიხედოს მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა ჩააბარონ იურიდიული კვალიფიკაციის გამოცდები. უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები შეიძლება იყვნენ მხოლოდ „სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები“.

ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირებს არ უნდა დაევალოთ გამოცდის ჩაბარება იმის დასამტკიცებლად, რომ შესწევთ უნარი იმუშაონ კანონის მუხლებზე, რაც არის უზენაესი სასამართლოს მუშაობის არსი“.

ვენეციის კომისიის ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრასთან დაკავშირებული რეკომენდაცია შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც კონკურსში კანდიდატების რანგში მონაწილეობენ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთ პროცედურაში, რომელიც დაკავშირებულია ამ კანდიდატების შერჩევასა და წარდგენასთან“, - წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა ჩამონათვალში.

4 თვეში ავლაბრის სასახლესა და ათონელის რეზიდენციაში ჯამურად 3 478 795 ლარი დაიხარჯა

ავლაბრის სასახლისა და პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის შენახვა სახელმწიფოს თვეში საშუალოდ 190 000 ლარი უჯდება,-იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. სააგენტომ საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 134 ათასი ლარი სჭირდება ყოველთვიურად ავლაბრის სასახლის მოვლა-პატრონობას, 57 ათასი ლარი კი ათონელის რეზიდენციის მოვლა-პატრონობას.

ამ ხარჯებში შედის როგორც კომპლექსის კომუნალური და სხვა სახის ტექნიკური ხარჯები, ასევე შენობის დაცვაზე განაწილებული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

"ინტერპრესნიუსის" თანახმად, ბოლო 4 თვეში ავლაბრის სასახლესა და ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში ჯამურად 3 478 795 ლარი დაიხარჯა.

მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი ხარჯი ამ პერიოდში ათონელის რეზიდენციაზე 2018 წლის დეკემბერში გაიწია და მან 2 673 940 ლარი შეადგინა. ამ თანხის უმეტესობა - 2 656 514 ლარი შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. საერთო ჯამში კი, 4 თვეში ათონელის რეზიდენციაზე 2 733 720 ლარი დაიხარჯა.

დოკუმენტის თანახმად, ორბელიანის სასახლის კომუნალურმა ხარჯმა 34 642 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კომუნალურ ხარჯებში მხოლოდ ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯებია გაწერილი. გარდა ამისა, შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მომსახურებაზე ყოველთვიურად 10 000 ლარი იხარჯება.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას,იგივე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს, 4 თვეში მასზე გაწეულმა ხარჯმა 263 616 ლარი შეადგინა. თანხის ძირითადი ნაწილი, 262 339 ლარი შენობის კომუნალურ ხარჯებს მოხმარდა.

უფრო კონკრეტულად ავლაბრის რეზიდენციაში 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯმა 154 795 ლარი, ბუნებრივი აირის მოხმარების ხარჯმა 80 804 ლარი, წყლის მოხმარების ხარჯმა კი 25 801 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 4 თვეში შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავებისა და სამეურნეო საქონელზე 2 216 ლარი დაიხარჯა.

ორივე შენობას სდსს-ს ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ემსახურება, რომელიც სხვადასხვა სახის ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ სამსახურში გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობამ 4 თვეში 113 250 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შენობების დაცვას, ავლაბრის რეზიდენციაზე განაწილებული შემადგენლობის შრომის ანაზღაურებამ 4 თვეში 194 780 ლარი შეადგინა. ამასთან, მათზე გაცემულია 44 950 ლარის დანამატიც.4

2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ათონელის რეზიდენციის დაცვაზე განაწილებული პირების შრომის ანაზღაურებამ 91 807 ლარი, დანამატმა კი 31 570 ლარი შეადგინა.

უკრაინაში ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი აშკარა ფავორიტის როლშია

უკრაინაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის დამაჯერებლად ლიდერობს კომიკოსი და პოლიტიკური დებიუტანტი, ვლადიმირ ზელენსკი.

ზელენსკის მხარს უჭერს გამოკითხულების 57,9%, ხოლო მის მეტოქეს, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს - 21,7%.

ეს ინფორმაცია 18 აპრილს გამოაქვეყნა კვლევითმა ცენტრმა „რეიტინგმა“ მას შემდეგ, რაც 12-16 აპრილს გამოკითხა 3000 ამომრჩეველი უკრაინის ყველა რეგიონში, ყირიმის გარდა.

საზოგადოებრივი აზრის უახლესი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა ზელენსკისა და პოროშენკოს საჯარო დებატებამდე ერთი დღით ადრე.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ინფორმაციით, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც 19 აპრილს დებატები უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ, 60 ათასამდე ადამიანი შეიკრიბება. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება.

ფარული კენჭისყრა: უმრავლესობა არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ ფარული კენჭისყრის გზით შეირჩევიან. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა არ აპირებს გაითვალისწინოს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ფარული კენჭისყრის გაუქმებას გულისხმობს.

„რაც შეეხება ღია კენჭისყრას, რომელსაც ახლა ითხოვენ აი ეს ოპონენტები ზუსტად... ღია კენჭისყრა იყო სწორედ ზეწოლისა და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც ზუსტად ჩვენ შევცვალეთ 2013 წელს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ 18 აპრილს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

თალაკვაძემ თქვა, რომ ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით 18 აპრილს უნდა განიხილონ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული დასკვნა ვენეციის კომისიამ 16 აპრილს გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლეების შერჩევის პროცესში უნდა გაუქმდეს ფარული კენჭისყრის მექანიზმი.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაუქმდეს ფარული კენჭისყრები; კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო და პროცედურა დაეფუძნოს ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებითაც ფასდება თითოეული კანდიდატი, რათა შეირჩეს იმ კანდიდატთა ჯგუფი, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს“, - წერია რეკომენდაციათა ჩამონათვალში.

პარლამენტის სხდომაზე შესვენება 14:00 საათამდე გამოცხადდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნითა და ხმაურით მოითხოვეს დრო კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტის გასაცნობად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მისი შესაბამისობის გადასამოწმებლად.

პაკისტანში მოკლეს 14 ადამიანი სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმისას

სამხრეთ პაკისტანის ქალაქი კარაჩი

პაკისტანში დაუდგენელმა პირებმა მოკლეს 14 მგზავრი მას შემდეგ, რაც საფარიდან თავს დაესხნენ მათ ავტობუსს.

ოფიციალური პირებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, 18 აპრილის დილას თავდამსხმელებმა მგზავრები ჩაიყვანეს ავტობუსიდან, რომელიც კარაჩიდან გავადაში მიემგზავრებოდა.

გადარჩენილებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ მგზავრებს შერჩევით კლავდნენ, მათი ვინაობის მიხედვით. მოტივის შესახებ არაფერია ცნობილი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ბელუჯისტანის რეგიონში, სადაც ინიცდენტი მოხდა, ადგილობრივი სეპარატისტები და ისლამისტი ექსტრემისტები აქტიურობენ.

ბაჩანა შენგელია პროკურატურაში ია კერზაიას საქმის მასალების გასაცნობად მივიდა

ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გამოძიების საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში მივიდა.

როგორც ბაჩანა შენგელიამ მედიასთან განმარტა, მისი თვითმიზანია არა საქმის მასალების გაცნობა, არამედ დამნაშავეების დასჯა.

ჯერ არ ვიცით საქმეში რა საპროცესო მოქმედებებია ჩატარებული, თუმცა ვიცით ის, რომ მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები ჩატარებული არ არის.

მაგალითად, არ არის გამოკითხული ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, ასევე სხვა პირები, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ დანაშაულთან შემხებლობა. ჩვენ ვაპირებთ ამ საქმეში ყველა დეტალს, ყველა საპროცესო მოქმედებას დავაკვირდეთ.“- აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ. მისი განმარტებით, ია კერზაიას გარდაცვალებიდან 4 თვეზე მეტი გავიდა და გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შედეგი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ 11- მა ევროპარლამენტარმა პირადად მიმართა პრემიერ-მინისტრს.

ჩვენ ადვოკატთან ერთად ვაპირებთ, რომ ყველა ფურცელს ყველა დოკუმენტს დეტალურად გავეცნოთ და შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, კონკრეტულად რა არ შესრულდა და რა უნდა გააკეთოს საგამოძიებო უწყებამ, რომ მიეცნენ პირები პასუხისგებაში“,- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში მისვლა, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს უწყებამ განცხადებით 18 აპრილს შესთავაზა.

პროკურატურის თანახმად, მას საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.

შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

სერბი მინისტრი: სერბეთი „არაფერს გააკეთებს რუსეთთან კონსულტაციის გარეშე“

მოსკოვი, 2018 წლის 17 აპრილი: სერბეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ივიცა დაჩიჩი (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, „სერბეთი არაფერს გააკეთებს რუსეთთან კონსულტაციის გარეშე“. ეს სიტყვები მან წარმოთქვა მოსკოვში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც დაჩიჩმა აღნიშნა, სერბეთს სურს, რომ რუსეთმა უფრო დიდი როლი შეასრულოს კოსოვოსთან ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებაში.

მინისტრის აზრით, „სერბეთი ვერ დაიცავს თავის სახელმწიფო ინტერესებს რუსეთის ფედერაციის დახმარების გარეშე“.

რუსეთს ძლიერი კულტურული და პოლიტიკური კავშირი აქვს სერბეთთან, რომელიც ეწინააღმდეგება კოსოვოს დამოუიდებლობას და გაეროს წევრად მის მიღებას.

კოსოვო, უმეტესწილად, ეთნიკური ალბანელებით არის დასახლებული. ის სერბეთს ჩამოშორდა 1998-1999 წლების ომის შემდეგ. რეგიონმა 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც უკვე 100-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული.

პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით და კამათით გაიხსნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით ,„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით წარდგენის საშუალება არ მისცეს.

საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა დროს კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტის გასაცნობად, რათა გაერკვიათ,რამდენად აისახა მასში ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სხდომაზე 2 საათიანი შესვენება გამოაცხადა.

დღეს გამოქვეყნდება აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიების ანგარიშის რედაქტირებული ვერსია

აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი დღეს გამოაქვეყნებს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის რედაქტირებულ ვერსიას. ანგარიშში ასახულია 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების შედეგები.

რობერტ ბარი და მისი მოადგილე როდ როზენსტეინი, რომელმაც თითქმის ორი წლის წინ დანიშნა მიულერი სპეცპროკურორად, 18 აპრილს, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე (საქართველოში 17:30) ჩაატარებენ პრეს-კრონფერენციას ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 აპრილს რადიოინტერვიუში თქვა, რომ შესაძლოა თვითონაც გამართოს პრესკონფერენცია მას შემდეგ, რაც დასრულდება რობერტ ბარის შეხვედრა მედიასთან. ტრამპის მიულერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პრესმდივანმა 15 აპრილს განაცხადა, რომ ანგარიში ხელმისაწვდომი გახდება როგორც კონგრესის, ისე საზოგადოებისთვის.

თითქმის 400-გვერდიანი ანგარიშის სრული სახით გამოქვეყნებას ბარს 24 მარტის შემდეგ დემოკრატი კანონმდებლები სთხოვენ - მას შემდეგ, რაც მან კონგრესს წარუდგინა ანგარიშის ოთხგვერდიანი შეჯამება.

დემოკრატების აზრით, შეჯამება საკმარისი არ არის. დეპუტატები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ბარი, რომელიც დონალდ ტრამპმა ახლახან დანიშნა თანამდებობაზე, ცდილობს დაფაროს პრეზიდენტის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია.

სალომე ზურაბიშვილი: ფართოვდება გზა საქართველო - კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობაში

კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 18 აპრილს გაიმართა ბიზნესფორუმი, რომელიც საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა გახსნეს.

,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებით ევროკავშირმა ჩვენ მოგვცა საუკეთესო შესაძლებლობა - გაგვიხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ამ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად ფართოვდება გზა საქართველო - კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობაში. სავაჭრო ხელშეკრულება ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმებაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცებას.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, სტრატეგიული მდებარეობა, დიდი ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკის წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს სრულიად რეალისტურ ამბიციას, ქვეყანა რეგიონული ჰაბი გახდეს.

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უშუალოდ კვიპროსში ექსპორტის ზრდაზე. უკვე არაერთი ხარისხიანი ქართული პროდუქტი არსებობს, რომელთა კვიპროსში გატანა იქნება სარგებლიანი ორივე მხარისთვის.“- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ბიზნესფორუმზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ბიზნესფორუმი საქართველოსა და კვიპროსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ჩატარდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG