Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ითხოვს საპარლამენტო მოსმენას 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შესახებ


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

საქართველოს პარლამენტის უმცირესობა ითხოვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებმა დახურულ, საპარლამენტო მოსმენაზე უპასუხონ შეკითხვებს თბილისში, 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. „სანამ სპეცოპერაციის ცხელი ფაზა მიმდინარეობდა, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ მწვავე კითხვები დაგვესვა, თუმცა ცხელმა ფაზამ უკვე ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ხდებოდა, ბევრ კითხვაზე საზოგადოებას პასუხი ჯერ კიდევ არ აქვს“ - განაცხადა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, პირველ ყოვლისა, შეკითხვა შეეხება იმას, ლიკვიდირებულთა შორის მართლაც არის თუ არა სტამბოლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი აჰმედ ჩატაევი და თუ არის, როგორ აღმოჩნდა ის საქართველოს ტერიტორიაზე. სერგი კაპანაძის განცხადებით, სუს-მა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვასაც, რა მიზნები ჰქონდათ თბილისში ლიკვიდირებული დაჯგუფების წევრებს და როგორ შეძლეს ქვეყანაში იარაღის შემოტანა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩაატარა. სუს-ის განცხადებით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია. ოპერაციისას დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 4 დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული შესაძლოა, იყოს ჩატაევი, თუმცა, ეს საბოლოოდ გაირკვევა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ. გომელაურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულნი არიან ამერიკელი ექსპერტებიც.

XS
SM
MD
LG