Accessibility links

თბილისში გაიხსნა „აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის არიან 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები და 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენლები. ორდღიანი ფორუმი ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მიზნად ისახავს დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის ინიციატივის“ ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში. ფორუმის დღის წესრიგშია ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროს შესაძლებლობები და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით,საქართველოს მთავრობის მიერ აქტიურად მხარდაჭერილი „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივა ერთი პლატფორმის ქვეშ აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის განვითარების პოლიტიკას და მათ კონკრეტულ უპირატესობებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG