Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: „ახალი აბრეშუმის გზა“ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება თავისი წვლილი შეიტანოს კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში. ოპერისა და ბალეტის თეატრში, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მდებარეობს ისტორიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშეა, თუმცა მრავლადაა შესაძლებლობებიც მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. „ჩვენი ფორუმის მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისათვის” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი შეფასებით, ფორუმისადმი მაღალი ინტერესი ცხადყოფს, რომ „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა“ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ფორუმში მონაწილე ქვეყნებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მეტი მიღწევით ვაჭრობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებით. „დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „სარტყელი და გზის" ინიციატივის სახით იქნა წარმოდგენილი და ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს: მშვიდობა, კეთილდღეობა, გახსნილობა, ინოვაცია და ცივილიზაციათა კავშირი, საჭიროებს აქტიურ საჯარო, თუ კერძო სექტორის დიალოგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კონფერენციაც ამის კარგ შესაძლებლობას მოგვცემს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახალი ბიძგი მისცეს „აბრეშუმის გზის" ფარგლებში სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებას, მათი ეფექტიანობის გაზრდას და პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროპისა და აზიის ეკონომიკური და ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივეზე, ლიბერალურ სავაჭრო რეჟიმზე და თავისუფალ ვაჭრობაზე როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე ევროკავშირსა და ჩინეთთან და ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედების და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG