Accessibility links

სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტის ნდობის ჯგუფში მოუსმენენ


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშე წარსდგეს პირველადი ინფორმაციით თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. 28 ნოემბერს, ნდობის ჯგუფის სხდომის შემდეგ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსმენის კონკრეტული თარიღი და ფორმა მოგვიანებით გაირკვევა. ნდობის ჯგუფის წევრის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ირაკლი აბესაძის თქმით, როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელური თანახმაა, რომ შეკითხვებს პასუხი გასცეს ნდობის ჯგუფის ფარგლებში. „შეკითხვებზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები საქართველოში, როგორ გადმოკვეთეს საზღვარი, როგორ მოხდა ამ რაოდენობით იარაღის კონცენტრაცია თბილისის ცენტრში და რა ვითარებაა გამოძიების თვალსაზრისით, პასუხები საჯარო უნდა იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ნდობის ჯგუფის ფარგლებშიც მოვუსმენთ ვახტანგ გომელაურს“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. მისი თქმით, შეკითხვებზე საჯარო პასუხებისთვის საპარლამენტო უმცირესობა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გარდა იწვევს იუსტიციის მინისტრსაც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩაატარა. სუს-ის განცხადებით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია. ოპერაციისას დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 4 დაიჭრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG