Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იცავს პირს, რომელმაც გაამხილა რუსეთში დოპინგის სისტემურად გამოყენების ამბავი


რუსეთის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგორი როდჩენკოვი
რუსეთის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგორი როდჩენკოვი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსეთის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვი „პატიოსნად“ მოიქცა, როცა გაამხილა რუსეთში დოპინგის სისტემურად გამოყენების ამბავი. ეს შეფასება 27 ნოემბერს გამოთქვა ოლიმპიური კომიტეტის საბჭომ, რომელიც განიხილავს კონკრეტული რუსი ათლეტების მიერ დოპინგის გამოყენების შემთხვევებს. როდჩენკოვმა 2015 წელს პირველად ისაუბრა რუსეთში დოპინგის მასშტაბურად, სახელმწიფოს ხელშეწყობით გამოყენების სისტემაზე. რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ, პირველ რიგში, როდჩენკოვს და რამდენიმე სპორტსმენს დააბრალონ ამის შემდეგ აგორებული სკანდალი, რომელსაც ბოლო ორ წელიწადში ათობით რუსი ათლეტის დისკვალიფიკაცია მოჰყვა. მიმდინარე თვეში რუსეთში აღიძრა საქმე როდჩენკოვის წინააღმდეგ: საგამოძიებო კომიტეტი მას ადანაშაულებს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და სხვა ასპარეზობებისათვის დოპინგის პროგრამის ორგანიზებაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ აპირებს როდჩენკოვის ექსტრადიციის მოთხოვნას. აშშ-ის მედიის ცნობით, ის შეერთებულ შტატებს აფარებს თავს და მიჩენილი აქვს გამოძიების ფედერალური ბიუროს დაცვა.

XS
SM
MD
LG