Accessibility links

ჩრდილოეთმა კორეამ გამოსცადა მორიგი ბალისტიკური რაკეტა


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ 29 ნოემბერს, დილით განაცხადა, რომ 28 ნოემბერს გამოსცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე. ფხენიანის განცხადებით, საუბარია ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილ ყველაზე მძლავრ რაკეტაზე, „ხვასონ 15“-ზე, რომელსაც ბირთვული იერიშის განხორციელება შეუძლია. ამავე განცხადების თანახმად, მიღწეულია ბირთვული ძალების შექმნის ისტორიული მიზანი. ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან 28 ნოემბერს ნასროლი რაკეტა იაპონიის აომორის პრეფექტურის სანაპიროდან 210 კილომეტრში, იაპონიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის ზღვაში ჩავარდნამდე რაკეტამ ათასამდე კილომეტრი დაფარა. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ 28 ნოემბერს ნასროლი რაკეტა მანამდე გამოცდილ რაკეტებზე უფრო მაღლა აფრინდა. მატისის თქმით, ფხენიანი ქმნის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გამოცდის ფაქტი მატისმა აცნობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ ამ სიტუაციას მიხედავენ. ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებთან. სამი ქვეყნის მოთხოვნით, 29 ნოემბერს გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG