Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა აფგან მუხთარლის საქმის შესახებ


აფგან მუხთარლი ბაქოს სასამართლოში, 2017 წლის, 16 ივნისი
აფგან მუხთარლი ბაქოს სასამართლოში, 2017 წლის, 16 ივნისი

29 ნოემბერს 6 თვე შესრულდა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან. „სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან 6 თვის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, პროკურატურის მიერ არ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ 29 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. მიუხედავად ამისა, ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას დროული და ეფექტური გამოძიებისთვის, ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ამ საქმის გამო გაჩენილ შეკითხვებს ობიექტური მტკიცებულებებით უპასუხებს, რათა ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განაგრძობს ზედამხედველობას გამოძიების მიმდინარეობაზე. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერაბიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. ბაქოს სასამართლომ მუხთარლის შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ის თბილისიდან გაიტაცეს ქართულად მოლაპარაკე პირებმა, რომლებსაც პოლიციელის ტანსაცმელი ეცვათ და აზერბაიჯანელებს გადასცეს. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით საქართველოში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თავდაპირველად იძიებდა შსს, 20 ივლისიდან კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა მთავარ პროკურატურას.

XS
SM
MD
LG