Accessibility links

აშშ რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას მასმედიის საქმიანობის შეზღუდვაზე


ჰიზერ ნოიერტი

აშშ-მა რუსეთში თავისუფალი მედიასაშუალებებისთვის შექმნილ კიდევ ერთ საფრთხედ შეაფასა პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტ პუტინის მიერ გასულ კვირაში ხელმოწერილი კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, უცხოური მედიასაშუალებები გამოაცხადოს „უცხოეთის აგენტებად.“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიტყვის და მედიის თავისუფლება ერთ-ერთია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათაგან, რომლის დაცვის ვალდებულება რუსეთს აქვს. „აშშ-მა ადრეც მიაპყრო ყურადღება საფრთხეს, რომელსაც შეიცავს რუსეთის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, რადგან ის გამოიყენება არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების და სასამართლო დევნის გასამართლებლად. მასმედიაზე კანონის გავრცელება სათავეს დაუდებს მძიმე მოთხოვნებს, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთში სიტყვის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას“ - ნათქვამია ჰიზერ ნოიერტის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვს მოუწოდებს, ნუ გამოიყენებს კანონს მედიასაშაულებების საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, თვალთმაქცური და უადგილოა რუსეთის ხელისუფალთა მცდელობა, ახალი კანონი წარმოაჩინონ უცხოეთის აგენტების შესახებ აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონის მოთხოვნათა საპასუხო ზომად, რადგან ეს კანონი არ აკონტროლებს გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს და არ ზღუდავს მედიის საქმიანობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG