Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელი რუსეთს აფრთხილებს


რიჩარდ მაკლარენი
რიჩარდ მაკლარენი

საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს(WADA) დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელმა, კანადელმა იურისტმა, რიჩარდ მაკლარენმა განაცხადა, რომ რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები ემუქრება. მაკლარენის შეფასებით, დამოუკიდებელი კომისიის დასკვნის უარყოფით, მოსკოვი საშიშ თამაშს აწარმოებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომის წინ, რომელზეც უნდა გადაწყდეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობის საკითხი. „რაც უფრო მეტად უარყოფენ ჩვენს დასკვნებს, მით უფრო ზრდიან გაცილებით სერიოზული სანქციების რისკს. ხანდახან თავს ვეკითხები, საერთოდ წაკითხული აქვთ თუ არა ჩემი მოხსენება“ - განუცხადა ჟურნალისტებს რიჩარდ მაკლარენმა, რომელიც 28 ნოემბერს, ქალაქ ეინდჰოვენში დაესწრო პატიოსანი სპორტისადმი მიძღვნილ კონფერენციას. რუსეთს 2015 წლის ნოემბრიდან შეჩერებული აქვს WADA-ს აკრედიტაცია. გადაწყვეტილების საფუძველი იყო დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, რუსეთში დოპინგს იყენებდა ათასზე მეტი სპორტსმენი. „მაკლარენის კომისიის“ დასკვნის გამო, ბევრ რუს ათლეტს აეკრძალა საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობა. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ ეროვნული ანტისადოპინგო სისტემის ხარვეზების გამო დამნაშავენი არიან ცალკეული პირები და არა სახელმწიფო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 5 დეკემბერს იმსჯელებს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობის საკითხზე.

XS
SM
MD
LG