Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. შესაბამისი დავალება პოროშენკომ გენერალურ პროკურატურას და უკრაინის უშიშროების სამსახურს მისცა, ახლა კი მათ ეს ბრძანება 2-3 დღის განმავლობაში უნდა შეასრულონ, - აღნიშნა 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა და მოუწოდა საკუთარ მომხრეებს, რომ მისი დაპატიმრების შემთხვევაში ბლოკირება გაკეთონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარ პროკურატურას. ამის შესახებ იტყობინება საინტერნეტო პორტალი „უკრაინსკაია პრავდა“. უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ივლისს ჩამოართვა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, როდესაც იგი აშშ-ში იმყოფებოდა. უკრაინის მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიიდან სასაზღვრო რეჟიმის დარღვევით გადავიდა უკრაინაში. ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის ინიაციატივით, რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, შესწორებები საარჩევნო კანონში და კანონმდებლობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ.

XS
SM
MD
LG