Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: მშენებლობებისას კომპრომისები უნდა გამოირიცხოს


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 30 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. „ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება და გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ხანძარი ყველგან ხდება და მისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისი მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. „ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ის მიესალმა თბილისის მერის, კახა კალაძის ანალოგიურ პოზიციას და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს მიმართა, რეგიონებში კიდევ ერთხელ ჩატარდეს სამუშაო, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში დაშვებული არ იყოს არანაირი კომპრომისი. პრემიერ-მინისტრის თქმით, პრევენციის მიზნით უნდა დაიწყოს არსებული შენობა-ნაგებობების, განსაკუთრებით საბავშვო ბაღების, სკოლების და სასტუმროების მონიტორინგი. „მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, რათა დავადგინოთ, რა არის გასაკეთებელი. მომავალი წლისთვის საგანგებო სიტუაციებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ასეთ სიტუაციებში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ 2015 და 2016 წლებში გაამკაცრა სახანძრო უსაფრთხოების წესები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს შესაბამისი ნორმატიულ აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG