Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5,7% შეადგინა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა შეადგინა 5,7%. „საქსტატის“ მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ შეადგინა 4,9%. წინასწარი შეფასებით, 2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა აღინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის და ტრანსპორტის სფეროებში, ხოლო კლება მშენებლობის და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში. „საქსტატის“ წინასწარ შეფასებას ეკონომიკური ზრდის შესახებ, რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი უწოდა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეკონომიკაში მაქსიმალურად მეტი დინამიკაა შესაქმნელი. „დარწმუნებული ვარ, თბილისში ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმი და პროექტები, რომლებსაც ხელი მოეწერა და იგეგმება, შექმნის გაცილებით უფრო მეტ დინამიკას“ - განაცხადა კვირიკაშვილმა 30 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, მომავალ წელს საქართველოს ელოდება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა.

XS
SM
MD
LG