Accessibility links

ვაშინგტონი უარყოფს სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შესაძლო გადაყენებას


რექს ტილერსონი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უარყვეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თანამდებობიდან სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შესაძლო დათხოვნის შესახებ. თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, რექს ტილერსონი განაგრძობს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და მთელი მინისტრთა კაბინეტი კონცენტრირებულია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის პირველი წარმატებული წლის დასრულებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჰიზერ ნოიერტის ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა, ჯონ კელიმ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ცნობები თანამდებობიდან ტილერსონის გათავისუფლების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხში ერთმანეთს არ ეთანხმებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს სურს რექს ტილერსონის თავიდან მოიშოროს. 30 ნოემბერს, გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლოს რექს ტილერსონი და მის ნაცვლად დანიშნოს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, მაიკ პომპეო. რექს ტილერსონის შესაძლო დათხოვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის „როიტერსმა“ და „ასოშიეიტიდ პრესმა.“

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG