Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 4 დეკემბერს, მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე,საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი. მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაემგზავრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. 1 ნოემბერს, თბილისში იმყოფებოდა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიიწვია რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტ ილარიონთან შეხვედრისას იმსჯელეს აფხაზეთში სასულიერო პირთა ჯგუფებს შორის არსებულ კონფლიქტსა და მისი მოგვარების გზებზეც. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტისას შესაძლოა, განხილული იყოს აფხაზეთის პრობლემის გამო ერთობლივი ჯგუფის შექმნის საკითხი. 1 დეკემბერს, მოსკოვში გამგზავრების წინ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის ჯერ უცნობია შეხვედრის შემთხვევაში, იქნება თუ არა საუბარი ჯგუფის შექმნაზე. „მაგრამ აუცილებლად დავაყენებთ. ყოველთვის, ნებისმიერ შეხვედრაზე აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი დგება“ - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ. მისივე თქმით, საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია ურთიერთობებზე დადებითი გავლენა მოახდინოს.

XS
SM
MD
LG